კომენტარი

აბორტი, როგორც ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოვლენა

28 ივლისი, 2011 • 3418
აბორტი, როგორც ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოვლენა

ადამიანის ემბრიონი არის ორგანიზმი, რომელიც მიმაგრებულია ადამიანზე და ზრდა-განვითარებისთვის იყენებს მისი საარსებო რესურსის ნაწილს.

ადამიანის ჩანასახი მის ორგანიზმში 40 კვირამდე იმყოფება. ამ პერიოდში ის გადის განვითარების რთულ პროცესს, ისევე, როგორც მისი დონორი ორგანიზმი. ადამიანსა და მის ნაყოფს შორის არის გარკვეული სახის სიმბიოზი, როცა გარემო ამისთვის ხელსაყრელია, მაგრამ ისეც ხდება, რომ გარემო, პირობები და მდგომარეობა ადამიანში მიმდინარე ამ რთულ პროცესს ხელს არ უწყობს და სიმბიოზი პარაზიტიზმით იცვლება. ასეთი მდგომარეობის მოსალოდნელობა ადამიანს აძლევს სამართლებრივ და მორალურ უფლებას, რომ მოიშოროს ნაყოფი.

საქართველოს კანონის მიხედვით აბორტი დასაშვებია ჩასახვიდან 12 კვირამდე, თუმცა ხშირია კამათი ამასთან დაკავშირებით.

აბორტის მომხრეებისგან (pro-choice) მსმენია, რომ ქალს აქვს აბორტის უფლება ორსულობის ნებისმიერ პერიოდში, მაგრამ მესამე ტრიმესტრში ნაყოფის მოცილება ნაადრევ მშობიარობას უთანაბრდება და არც ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არის უფრო მარტივი და შვების მომტანი. ამასთან, პირველ ტრიმესტში განხორციელებულ აბორტთან შედარებით მისი შესაძლო გართულებების რისკი გაცილებით მაღალია. შესაბამისად, უკიდურესი შემთხვევების გამოკლებით, უფრო მიზანშეწონილია ნაყოფის ცოცხლად გაჩენა მისთვის განკუთვნილ დროს და გაშვილების შესაძლებლობის განხილვა.

აბორტის მომხრე არგუმენტებში ყოველთვის განიხილება ჩასახვისა და დაბადების მოვლენა, თუმცა ხშირად მხედველობიდან გამორჩენილია მუცლად ყოფნის პერიოდი და ის, რომ ამ პერიოდსაც არჩევანის უფლებით განსაზღვრა და დაგეგმვა სჭირდება. არა მხოლოდ ჩასახვაა ქალის არჩევანი, არამედ ორსულობის პერიოდი, რომელიც არც თუ იშვიათად გართულებულად მიმდინარეობს ზოგიერთებისთვის მთელი რიგი პრობლემების გამო.

ამ პერიოდში არასასურველი ჩანასახი (და არა მხოლოდ არასასურველი, არამედ არასათანადო მატერიალურ პირობებში მყოფი) შესაბამისად ვითარდება. რადგან ჩანასახს ქალისგან დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, მასზე ყველაფერი აისახება, რასაც ქალი განიცდის და რითაც ის იკვებება. ასე რომ, ჩანასახს მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე უყალიბდება ფიზიოლოგია და ფსიქოლოგია, რაც შემდგომში მის ჯანმრთელობაზე ახდენს გადამწყვეტ გავლენას.

აბორტის მოწინააღმდეგეები (pro-life) ნებისმიერ შემთხვევაში ჩანასახის სიცოცხლეს უჭერენ მხარს და მათი არგუმენტია, რომ არავის აქვს უფლება, თუნდაც პრობლემური ტენდენციების მქონე ჩანასახის მოშორების, და რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს არსებობის უფლება (აქ ადამიანის დეფინიციაა გასათვალისწინებელი).

 

ამის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ცოცხალი არსება, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, ვერ ჩაითვლება უფლებუნარიანად, მით უმეტეს, თუ მისთვის რაიმე უფლება (თუნდაც სიცოცხლის) მის დონორზე ძალადობის შედეგადაა მინიჭებული.

რაც შეეხება პრობლემური ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ქალს და მის ჩანასახს, აბორტის მოწინააღმდეგეთაგან არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ისინი «გადარჩენილ» სიცოცხლეს თუნდაც საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფენ. მათ მხოლოდ ნააბორტალი ქალების დადანაშაულება და გაკიცხვა შეუძლიათ.

ორსულ ქალებს ორმაგი ზრუნვა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ ოჯახისგან, საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან, რაც იშვიათად ხორციელდება.

მათ, ვისთვისაც ქალში მყოფი ჩანასახი ძვირფასია, შეიძლება ქალს სთხოვონ ამ ჩანასახის შენარჩუნება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოსთხოვონ.

თუ ქალი თხოვნას არ დააკმაყოფილებს, არც მაშინაა ის გაკიცხვის ღირსი, რადგან მას აქვს მიზეზი, რისთვისაც ის ამ მტკივნეულ ნაბიჯს დგამს და აბორტის გაკეთებას გადაწყვეტს.

აბორტის, როგორც მოვლენის განხილვის და მასზე კამათის უფლება აქვს მხოლოდ იმ ადამიანს, რომლის ორგანიზმშიც ჩასახვა და ჩანასახის განვითარებაა შესაძლებელი. ასეთი ადამიანი ქალია. ის, ვინც არ ყოფილა ორსულად, არ არის და არც იქნება, ვერ იმსჯელებს ორსულობაზე, როგორც ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მოვლენაზე. მას (ანუ კაცს) შეუძლია ამ მოვლენის მხოლოდ სოციალური კუთხით აღქმა. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ იქნება ადეკვატური.

არც ის ფაქტი უნდა გამოგვრჩეს, რომ აწმყო ნებისმიერი ადამიანური გაგებით უფრო მნიშვნელოვანია არსებობის თვალსაზრისით, ვიდრე მომავალი (რომელიც ან იარსებებს, ან არა). ამიტომ არსებული ადამიანი უფრო მნიშვნელოვანი და უფლებაუნარიანია, ვიდრე ჯერ არდაბადებული, მის ორგანიზმში მყოფი არსება, რომელიც ოდესმე შეიძლება გახდეს ისეთივე მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი, როგორიცაა ქალი, რომლის სხეულშიც ის იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი