კომენტარი

პეტიცია: ჰეპატიტი C

27 ივლისი, 2011 • 1264
პეტიცია: ჰეპატიტი C

ხვალ, 28 ივლისს, ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა.  სამოქალაქო კამპანია “იცოდე, შეცვალე, დაიცავი”, რომელიც ორიოდ კვირის წინ დაიწყო, გამიზნულია C ჰეპატიტზე საზოგადოების ინფორმირებისა და სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად.

კამპანიის ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” შექმნეს გვერდი, რომლის  “დალაიკებით” თქვენ ავტომატურად უერთედებით პეტიციას, რომლის ადრესატები არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ჯანდაცვის მინისტრი და ომბუდსმენი.

თუ პეტიციის გაცნობის შემდეგ სურვილი არ გაქვთ, პეტიციის ხელმომწერად ითვლებოდეთ, შეგიძლიათ გააუქმოთ “ლაიქი”. ვინც რეგისტრირებული არ არის სახელით და გვარით და სურს ხელმომწერთა სიაში ყოფნა – გთხოვთ კომენტარის სახით დატოვოთ თქვენი სახელი.

აქვე გთავაზობთ პეტიციის ტექსტს:

 

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით ბაქრაძეს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ ანდრია ურუშაძეს

საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ გიორგი ტუღუშს

პეტიცია

არსებული მონაცემებით, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 6.7% C ჰეპატიტით არის ინფიცირებული (დაახლოებით 200 000ადამიანი), რაც ორჯერ აღემატება მსოფლიო მაჩვენებელს (3%). სტატისტიკისა და C ჰეპატიტის მიმართ ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას. C ჰეპატიტი ისეთ სასიკვდილო დაავადებებს იწვევს, როგორებიცაა– ღვიძლის ციროზი და კიბო. 

საქართველოში ამ ინფექციის დიაგნოსტირება და მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის, რის გამოც საქართველოს ასეულ ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მაღალი ფასები მძიმე ტვირთად აწვება დაავადებულთა ოჯახებს. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში უამრავი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

C ჰეპატიტის მკურნალობა შესაძლებელია! მისი დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს! ჩარევა აუცილებელია დღესვე, სანამ ეპიდემია უმართავი გამხდარა! 

ვაცნობიერებთ რა საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას C ჰეპატიტით ინფიცირებულთა მიმართ, აგრეთვე, საფრთხეს, რომელიც ამ დაავადებამ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეუქმნას, ვითხოვთ:

– ჩამოყალიბდეს სახელმწიფო სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და მაკოორდინირებელი მექანიზმი C ჰეპატიტთან მიმართებაში;
– ჩატარდეს ფართომასშტაბიანი კვლევა C ჰეპატიტის გავრცელების რეალური სურათის დასადგენად და ეფექტური პოლიტიკის შესამუშავებლად;
– სოციალური დაზღვევის პროგრამებში გათვალისწინებული იყოს ინფექციის დროული გამოვლენა, შემდგომი დაკვირვება და მკურნალობა;

თბილისი 2011 წლის 28 ივლისი 
ჰეპატიტების საერთაშორისო დღე

მასალების გადაბეჭდვის წესი