კომენტარი

ომბუდსმენი ფოტორეპორტიორების საქმეზე

12 ივლისი, 2011 •
ომბუდსმენი ფოტორეპორტიორების საქმეზე

“საქმის გამოძიების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული პირები ფოტორეპორტიორები არიან, მნიშვნელოვანია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ მოხდეს იმ დოკუმენტების საქმის სხვა მასალებისაგან გამიჯვნა, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას”, – აცხადებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე მოინახულეს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს.

“სამივე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რაიმე სახის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მათი განმარტებით, მათ ნახულობს ექიმი”, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან აბდალაძე და ქურციკიძე მათ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გასაჯაროებას მოითხოვენ და ამ მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებს გიორგი აბდალაძე.

“სახალხო დამცველი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად, შეუძლებელია ჩვენი მხრიდან შეფასდეს საქმის მასალების გასაიდუმლოების მიზანშეწონილობა და კანონშესაბამისობა”, – აცხადებს ომბუდსმენი. მისივე განმარტებით, “საქმის მასალათა ნაწილი თავად გახადა საჯარო გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ. შესაბამისად, თუ დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საჯარო გახადოს საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულება, აუცილებელია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მხრიდან ზუსტად მოხდეს კონკრეტული მტკიცებულების შეფასება და მისი საიდუმლოების საკითხის გადაწყვეტა.”

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი კვლავაც განაგრძობს დაკავებული ფოტოგრაფების მდგომარეობის მონიტორინგს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი