ახალი ამბები

ნაცემები, დაპატიმრებულები და დაკარგულები აჭარიდან

30 მაისი, 2011 • 1379
ნაცემები, დაპატიმრებულები და დაკარგულები აჭარიდან

აქციის დარბევიდან მე-5 დღესაც “მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარეს” ნიაზ ბოლქვაძესა და კიდევ ერთ აქტივისტს, ხელვაჩაურელ თემურ წერეთელს ეძებენ; ისინი ვერც სახალხო დამცველის და ვერც იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ დაკავებულთა სიებში იპოვეს; დაკარგულად კიდევ ორი ბათუმელი ითვლება, რომელთა სახელებს “სახალხო კრების” წევრი მხოლოდ იმიტომ ვერ ასახელებს, რომ მათი გაუჩინარების შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი  იციან.

26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ბათუმიდან ჩასული რამდენიმე მომიტინგე დღემდე საავადმყოფოში მკურნალობს, ნაწილი დაპატიმრებულთა სიაშია, ოთხი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

“არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გვქონდა ინფორმაცია, რომ ნიაზ ბოლქვაძეს ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ ის ვერც ერთ სიაში ვერ ვიპოვეთ; კარგად რომ იყოს, აუცილებლად დამიკავშირდებოდა. თემურ წერეთლის კვალი კი დღემდე გაურკვეველია”, _ ამბობს “სახალხო კრების”  წევრი ცოტნე ანანიძე. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო კავშირზე გუშინ გამოვიდა ბორის მეძმარიაშვილი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. _ “გვითხრა, რომ გონზე არ იყო და ვერ შეძლო დაკავშირება. ადგილსამყოფელი არ გაუმხელია და არც მიკითხავს, სიფრთხილეა საჭირო. მთავარია გავიგეთ, რომ ცოცხალია”.

ანანიძის ინფორმაციით, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს: ლევან ჯინჭარაძე, დავით ლორია, ლაშა მსხილაძე, დათო თურმანიძე და ნოდარ ცინცაძე, რომლებიც სასტიკად იყვნენ ნაცემი. მათგან უმეტესობა სახლში არ დაბრუნებულა, გასაიდუმლოებულია მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელიც. დღემდე სხვადასხვა საავადმყოფოში იმყოფება კიდევ სამი ადამიანი, მათ ვინაობასაც სიფრთხილის გამო არ ასახელებენ;

ბათუმიდან თბილისში ჩასულ მხარდამჭერთა შორის პატიმრობაში რჩებიან : ლიდერი მურმან დუმბაძე და ნუგზარ ქამადაძე. კიდევ ათი დაკავებული კი 400-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი