პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნარკოდამოკიდებულებასთან ეფექტური ბრძოლა საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებმა შეძლო. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“ჯერჯერობით ვერ ვხედავ ხელშესახებ ეფექტს ამ სფეროში[ნარკოპოლიტიკის] დღემდე გატარებული პოლიტიკით. ეს არ არის ერთი ხელისუფლების თემა, დიდი თემაა. 2016 წლის მდგომარეობით, მგონი, უნდა ვაღიაროთ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა და მასთან ეფექტური გამკლავება ვერც ერთმა ხელისუფლებამ მოახერხა ეფექტურად. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ცვლილებებია საჭირო. ვერ მივდივართ სწორად.”
მისივე მტკიცებით, “მხოლოდ დეკრიმინალიზაცია არსად და არასდროს ყოფილა გამოსავალი, ამას მთელი ინდუსტრია სჭირდება”:
“კი მივაყენეთ ვიღაცებს დარტყმა და არალეგალური ბრუნვიდან ამოვიღეთ ნარკოტიკების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ გრძელდება ეს ამბავი. ესე იგი, ჯერ[ნარკოტიკების გასაღებასთან] ეფექტური ვერ არის. თავად ეს[ნარკოდამოკიდებულების] პრობლემა, მე არ მრჩება განცდა, რომ მოვახერხეთ მისი შემცირება. თუ ეს ასეა, მაშინ უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ სხვა ტიპის ალტერნატივებზეც, ოღონდ არა მხოლოდ დეკრიმინალიზაციის. აქ დამოკიდებულებები გაცილებით მნიშვნელოვანია ხოლმე, ვიდრე კანონები. ”
რაც შეეხება მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას, უსუფაშვილის აზრით, “[დეკრიმინალიზაციისკენ]პრაქტიკული ნაბიჯები გადადგმულია, ზოგი საკონსტიტუციო სასამართლოს [გადაწყვეტილებით], ზოგი კიდე სხვა მიმართულებით.”
2 მარტს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მცირე ოდენობით კანაფის შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანის მოხმარება ისჯება 500- ლარიანი ჯარიმით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად სცნო კანონის ის ნორმა, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითვალისწინებს.
ბექა წიქარიშვილმა, რომელიც მარიხუანის მოხმარების გამო დააპატიმრეს და 14-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, გირაოთი განთავისუფლების შემდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მარიხუანის მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის- თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.