ახალი ამბები

საზმაუს საბჭოს წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი მალე გამოცხადდება

7 მარტი, 2016 • 1403
საზმაუს საბჭოს წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი მალე გამოცხადდება

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს  ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსს მიმდინარე ან მომდევნო კვირაში გამოაცხადებს. ამის შესახებ მან დღეს, 7 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობის საკითხზე კონკურსი ამ კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში გამოცხადდება. მას შემდეგ, რაც ორი ვაკანტური თანამდებობის შევსება გაჭიანურდა წმინდა პოლიტიკური, ასე ვთქვათ,  ჩიხური სიტუაციის  გამო, მე გადავწყვიტე იმ მომენტს დავლოდებოდი, როცა მოქმედ საბჭოში ის ხალხი გამოვლინდებოდა, ვისაც ვადა აპრილის შუა რიცხვებში გასდის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, თუმცა კანონის თანახმად მას კონკურსი აქამდე უნდა გამოეცხადებინა.

პარლამენტის თავმჯდომარის  განმარტებით, კონკურსს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადებს, რომელთაგან  ორი უმრავლესობის  გარეთ მყოფი პარლამენტარების,  ერთი უმრავლესობის  და ერთი სახალხო დამცველის კვოტა იქნება:

“აპრილის შუა რიცხვებში ორ მოქმედ წევრს გაუვა ვადა, ხოლო ორი ვაკანტური თანამდებობაა. მე კონკურსს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოვაცხადებ.  ოთხივე კანდიდატურა აირჩევა 6 წლის ვადით, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს. ეს საბჭოს გადაიყვანს იმ ეტაპზე, როდესაც ორი წლის შემდგომ როტაციები უკვე სრულმასშტაბიანად ჩართული იქნება.”

ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 7 წევრი ჰყავს, რომლებიც პარლამენტმა 2014 წელს დაამტკიცა.  საბჭოს წევრობის 2 კანდიდატზე პარლამენტი ვერ შეთანხმდა და ჩააგდო, თუმცა შემდგომ მათზე კონკურსი აღარ გამოცხადდა.

ასევე დაგვიანებულად, 2016 წლის 25 თებერვალს გაიმართა წილისყრა, რომლითაც განისაზღვრა სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადები.  წილისყრის შედეგების მიხედვით სამეურვეო საბჭოს აპრილში  დატოვებენ ალექსანდრე ვახტანგოვი [საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატურა]  და ლელა გაფრინდაშვილი [სახალხო დამცველის კანდიდატურა].

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა, ხოლო სამეურვეო საბჭოს ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით.

სამეურვეო საბჭოს წევრების დამტკიცების წესის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსს და ნიშნავს შესარჩევ კომისიას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი