ახალი ამბები

სახალხო კრების აქცია თბილისში– 25 მაისი – განახლებადი რეჟიმი

25 მაისი, 2011 • • 2233
სახალხო კრების აქცია  თბილისში– 25 მაისი – განახლებადი რეჟიმი

23:40 ნეტგაზეთი, თბილისი თავისუფლების მოედანზე დაახლოებით ათი ყვითელი ავტობუსია სპეცრაზმელებით. ისინი ამ წუთებში ჩამოდიან ავტობუსებიდან და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დგებიან.

21.46: ნეტგაზეთი, თბილისი: ტელეკომპანია მაესტრომ გააკეთა განცხადება, რომ არხის მაუწყებლობა შეწყვეტილია რამდენიმე საკაბელო არხზე და მიზეზების შესახებ მოგვიანებით, დაზუსტების შემდეგ გაავრცელებენ ინფორმაციას.

21.45: ნეტგაზეთი, თბილისი: აქციაზე მივიდნენ „ქართული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და ბიძინა გეგიძე. გაჩეჩილაძემ თქვა, რომ ის აპირებს ღამის გათენებას პარლამენტთან

21.20: “ინტერპრესნიუსი”: ჯონ ბასი – პროტესტის გამომხატველ ჯგუფებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ კონფრონტაციას იწვევენ

20.40:ნეტგაზეთი, თბილისი: “ნეტგაზეთის” კითხვას, აპირებს თუ არა სახალხო კრება, გაითვალისწინოს მერიის რჩევა და აქციამ გადაინაცვლოს ვერის ან ვაკის პარკში, ნინო ბურჯანაძმ უპასუხა: “ფოცხოეწერში წავალთ”

20.12: ნეტგაზეთი, თბილისი: პარლამენტის წინ აქციაზე დიმა ჯაიანმა განაცხადა, რომ მერიის პრესამსახურმა სთხოვა მომიტინგეებს, გადაინაცვლონ დედაენის ბაღში ან ვაკის პარკში. მან  ხალხს ჰკითხა: „ხართ სადმე წამსვლელები?“ შეკრებილებმა უპასუხეს: „არა“; „ჰოდა ვრჩებით“.

19.57: “ინტერპრესნიუსი”: დედაქალაქის მერია აქციის მონაწილეებს საპროტესტო აქციის ადგილის შეცვლას ურჩევს, – ეს განცხადება თბილისის მერიის სპიკერმა ბაჩო დოლიძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისივე განმარტებით, დღის ბოლოს თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციების გამართვის ვადა იწურება. დოლიძის თქმით, ხვალ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, რის გამოც შეუძლებელია, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციები თავისუფლების მოედანზე განაგრძონ.
აქედან გამომდინარე, თბილისის მერია აქციის მონაწილეებს ურჩევს, საპროტესტო აქცია ვერის ბაღში, დედაენის ძეგლთან, ვაკის პარკში ან თბილისის სხვა ადგილებში გამართონ.

19.40: ნეტგაზეთი, თბილისი: ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა შსს–ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე და მას პროვოკაცია უწოდა.

19.20: ნეტგაზეთი, თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიული მასალა გაავრცელა. ვიდეომასალაზე ჩანს, რომ კადრები კოსტავას ქუჩაზეა გადაღებული, „სახალხო კრების“ აქციის  მიმდინარეობის დროს.

17:10 ნეტგაზეთი, თბილისი ”უნდა გავუძლოთ და გავათენოთ ეს ღამე”,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ სახალხო კრების აქციაზე, პარლამენტის წინ გამოსვლისას.”ან ჩვენ ვიცდით 15-16 საათი, ან საქართველო ვერ ეღირსება დემოკრატიას, ეკონომიკურ თავისუფლებას”,-თქვა მან.აქციაზე ამ დროისთვის დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანია.

16:00 ნეტგაზეთი, თბილისი აქციაზე, რომელსაც სახალხო კრება და მისი მხარდამჭერები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე, მართავენ, ნინო ბურჯანაძე გამოვიდა. დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანია შეკრებილი ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან. ბურჯანაძემ სიტყვით მიმართა აქციის მონაწილეებს და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს “აქ” დგომის უფლება აქვთ.”ვიბრძოლებთ და დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას უფლებებს, ღირსებას, მხოლოდ ბრძოლით, ეს ყველაფერი. ძლიერი სულით გავიმარჯვებთ. ჩვენ გვაქვს უფლება, დღეს ვიდგეთ აქ, სამართლებრივადაც და მორალურადაც. გავუთენოთ ღამე სამშობლოს და სამშობლოს ცაზე მზე ამოვიყვანოთ”,–ამბობს ბურჯანაძე.

15:30 ნეტგაზეთი, თბილისი ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. მოძრავი სცენა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან  სატვირთო მანქანით მოვიდა. ხალხი ამბობს,რომ  არ აპირებენ დაშლას. მერიის პრესსამსახურმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ 26 მაისის აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით არ მიუღიათ განცხადება. სახალხო კრებას 25 მაისამდე აქვს უფლება აქციის ჩატარების. ამ წუთებში, აღლუმისთვის განკუთვნილი ბარიკადებით შეფიცულთა რაზმები კეტავენ გზას. ხალხი დგას პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე.

15:30 ნეტგაზეთი, თბილისი აქცია თავისუფლების მოედანთან აღარ გაიმართება. სახალხო კრების აქციის მონაწილეები აქციას პარლამენტის შენობასთან გამართავენ. ამ წუთებში ლუკა კურტანიძე და დახლოებით 20 ადამიანი თავისუფლების მოედნისკენ გაემართა, იმისთვის, რომ იქ შეკრებილი ადამიანები პარლამენტის შენობისკენ დაძრან. სახალხო კრების ლიდერები,მათ შორის ნინო ბურჯანაძე, ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან.

14:50 ნეტგაზეთი, თბილისი ვარაზის ხევთან ახლა დაახლოებით 700 ადამიანის მსვლელობა მიმდინარეობს, შეძახილებით “გადადექი, გადადექი!” თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე საცობი შეიქმნა მსვლელობის გამო,რომელმაც პრობლემებიც შეუქმნა ავტომობილებით გადაადგილებას.

13.12: კახეთის საინფორმაციო ცენტრი: ოპოზიციის მხარდამჭერებს მასობრივად აკავებენ

13.00: ნეტგაზეთი, თბილისი: ოპოზიციონერი პარლამენტარები – გია თორთლაძე, კონსტანტინე გამსახურდია და ბაჩუკი ქარდავა „მეორე არხის“ ჩვეულ სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას მოითხოვენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე მეოთხე დღეა „სახალხო კრების“ აქციებს პირდაპირ ეთერში აჩვენებს, რის გამოც სხვა პოლიტიკურ ძალებს „მეორე არხზე“ საეთერო დრო აღარ რჩებათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხმა“ აქციების გაშუქება სწორედ „სახალხო კრების“ მოთხოვნის შედეგად დაიწყო. დღეს კი ოპოზიციონერი პარლამენტარები ეთერში მოითხოვენ პოლიტიკური დებატებისა და გადაცემა „თავისუფალი ტრიბუნის“ დაბრუნებას.

„საქართველოში არსებობს ოცზე მეტი პარტია, რომელიც იყენებს „მეორე არხს“. უნდა აღდგეს აუცილებლად „თავისუფალი ტრიბუნა“ და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მართავს აქციებს, შეუძლია თავის ვადებში და თავის დროში გამოიყენოს „მეორე არხი“. „მეორე არხი“, კიდევ ერთელ ვიმეორებ, არ არის ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის, ან ერთი პოლიტიკური პარტიის არხი. ამიტომ, დაუყონებლივ, დღეს, ან ხვალ უნდა დვაიწყოთ მუშოაბა ჩვეულ რეჟიმში,“ -განაცხადა დღეს პარლამენტარმა გია თორთლაძემ.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით კი, „როცა ეკრანზე ხმაც კი არ ისმის და აჩრდილებივით დადიან აქეთ-იქით, საჭირო არ არის ამის პირდაპირ ეთერში ჩვენება. მნიშვნელოვანი მომენტები გადაიცეს, ჩვენ არ ვართ ამის წინააღმდეგნი.“

11.55: ნეტგაზეთი, თბილისი: მომიტინგეები 14.00 საათვის აპირებენ მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ. ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მათ აქვთ ინფორმაცია სახალხო კრების წევრების დაკავების, გატაცების, ქონების ჩამორთმევის შესახებ, თუმცა არ დაუსახელებია ციფრები და დაკავებულთა ვინაობა. მან ასევე თხოვა მომიტინგეებს, რომ მიაწოდონ ინფორმაცია „კრებას“ ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ  და ამ ინფორმაციის შესაგროვებლად შეიქმნება ცენტრი. მისი განცხადებით, სახალხო კრებამ უკვე მიმართა უფლებადამცველ ორგანიზაციებს და  მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან ძალადობის შესახებ. ბურჯანაძემ ასევე მოუწოდა ერთ–ერთ მინისტრის მოადგილეს, რომლის ვინაობაც არ დაუკონკრეტებია, რომ შეწყვიტოს „სახალხო კრების“ ახალაგზრდა აქტივისტების დაშინება „ნარკოტიკების ჩადებით“.

12.40: ნეტგაზეთი, თბილისი: ნინო ბურჯანაძემ პარლამენტარებს ურჩია, გადაამოწმონ, რას ნიშნავს „ბელა ჩაო“ იტალიურად. „ჩაო“ მარტო დამშვიდობებას არ ნიშნავს. „ბელა ჩაო“ ნიშნავს გაუმარჯოს გადამწყვეტ ბრძოლას“, განმარტა მან. სავარაუდოდ, ბურჯანაძემ უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს, რომელმაც თქვა: “მე დარწმუნებული ვარ, ის იტალიური სიმღერა, რომელიც აქციებზე ისმის – “ბელა, ჩაო”, მცირედით ტრანსფორმირდება და გადაიქცევა “ნინო, ჩაოდ”.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მზად არიან გადამწყვეტი ბრძოლისთვის და უკან დახევას არ აპირებენ. ნინო ბურჯანაძეს არ უსაუბრია გეგმებზე შეკრებილ მომიტინგეებთან. „სახალხო კრების“ გუშინდელი განცხადებებით კი, კოსტავას ქუჩიდან მომიტინგეებს 12.00 საათზე თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა უნდა დაეწყოთ. ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან 200–მდე მომიტინგეა შეკრებილი.

11.11: ბათუმელები, ბათუმი:

ბათუმში, სახალხო კრების აქციაზე დაკავებულ 7 პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 6 პირი  კი ადმინისტრაციული სასჯელად 60 და 45– დღიანი პატიმრობა შუფარდეს.

7 ბრალდებულს – გოჩა მუხაშავრიას, დიმა ჭეიშვილს, ვახტანგ სიორიძს, დათო ფარტენაძეს, ტარიელ ფუტკარაძეს, ანზორ სოლომონიძესა და ხვიჩა გამარჯობაძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 222–ე  და 353–ე მუხლების მე–2 ნაწილით წაუყენა ბრალი, რაც 2–დან 4 წლამდე და 4–დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს მუხლები მედიისთვის მუშაობაში ხელის შეშლას გულისხმობს. ბრალდებულები 21 მაისს აჭარის ტელევიზასთან მიმდინარე აქციის შემდეგ დააკავეს.  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა თამარ ბეჟანიშვილმა და გიორგი ქაშაკიშვილმა სრულად დააკმაყოფილეს პროკურატურის მოთხოვნა და 24 მაისს დაკავებულებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

„ბატონო მოსამართლევ, ნუ სარგებლობთ მაგ იდიოტური კანონით, ისარგებლეთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომელიც უპირატესია მაგ კანონთან მიმართებაში და პროცესუალური ნორმები მაინც დაიცავით. შეგახსენებთ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკავება და საქმე აუცილებლად წავა ევროპის სასამართლოში“, _ ადვოკატ რამინ პაპიძის ეს მიმართვა მოსამართლეებს არ გაუთვალისწინებიათ.

შვიდივე ბრალდებული, როგორც აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი მურმან დუმბაძე ამბობს,  ე.წ. „შეფიცულები“  არიან და პროტესტულად განწყობილი ადამიანების კოორდინირებას ეწეოდნენ.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე ბეჟანიშვილს ადვოკატმა რამინ პაპიძემ აცნობა, რომ ერთ–ერთი დაკავებული არის ფსიქიკურად დაავადებული და სასამართლოს ამის დამადასტურებელ ცნობასაც წარუდგენენ. ასევე, ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული არის ნაცემი და თვალზე დღემდე აღენიშნება სუსხლჩაქცევა. პროცესზე ეს ინფორმაციები მოსამართლის ყურადღების საგანი არ გამხდარა.

22 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 21 მაისის აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილის საქმე განიხილეს,  ოღონდ ამჯერად ადმინისტრაციული წესით.

როლანდ ხოზრევანიძეს, ემზარ ქადიძეს, მარად სოლომონიძეს და როლანდ აბულაძეს 60– დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს; თემურ ჭანტურიშვილი და ჯამბულ შარაბიძე ბათუმის მე-3 საპყრობილეში 45 დღეს გაატარებენ;

დაკავებულების ოჯახის წევრებმა, რომლებმაც სხდომის დარბაზში შესვლა ვერ მოახერხეს, აცხადებენ, რომ ისინი 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ თავიანთ ახლობლებს აჭარის შს სამმართველოს ყველა განყოფილებაში და მთავარ სამმართველოში, მაგრამ არც მათი ადგილსამყოფელის და არც დაკავების შესახებ პოლიცია ინფორმაციას არ აწვდიდა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა და უფლება სამართალდამცავებმა არც ადვოკატებს მისცეს.

 

01:05 ნეტგაზეთი, თბილისი: „სახალხო კრების“ აქციაზე კოსტავას გამზირზე მარნეულის მკვიდრი იზლამინ მამედოვი გამოჩნდა, რომელსაც ცხვირი აქვს გატეხილი. როგორც მამედოვი ამბობს, ის „სახალხო კრების“ აქციიდან მარნეულში, საკუთარ სახლში, დღეს დაბრუნდა, რათა ხვალ დაგეგმილ აქციაზე შვილთან ერთად ჩამოსულიყო. მისი თქმით, 24 მაისს, საღამოს რვა საათზე, მის სახლში 5 შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომლებმაც იზლამინ მამედოვი და მისი შვილი სცემეს, შვილი კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. იზლამინ მამედოვი „სახალხო კრების“ აქტივისტია, სწორედ ამიტომ  ჩამოვიდა თბილისში  და კოსტავას გამზირზე ნინო ბურჯანაძეს მოუყვა თავს გადამხდარი ამბავი. მამედოვმა პოლიტიკოსს შვილის მოძებნაში სთხოვა დახმარება. „სახალხო კრების“ ლიდერმა აქტივისტს მოუსმინა და საკუთარ გარემოცვას ფაქტის გამოკვლევა დაავალა.

00:40 ნეტგაზეთი, თბილისი: კოსტავას გამზირზე, სადაც „სახალხო კრება“ უკვე მეხუთე დღეა საპროტესტო აქციას მართავს, ამჟამად სიწყნარეა. ადგილზე იმყოფებიან: ნინო ბურჯანაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი და თემურ შაშიაშვილი. აქცის მონაწილეთა ნაწილი მიმოფანტულია, ნაწილს სძინავს, ნაწილი კი იქვე გამოფენილ ბანერებს ათავლიერებს.

კოსტავას გამზირზე რამდენიმე საათის წინ თემურ შაშიაშვილის მოძრაობამ – „თეთრები“,  12-მდე ბანერი დადგა, რომლებზეც ორივე მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გარემოცვის შესახებ სხვადასხვა შინაარსის ფრაზებია დაწერილი.

ერთ-ერთ ბანერზე მიხეილ საკაშვილის ფოტოა დაბეჭდილი, რომელსაც აწერია – „ერის სირცხვილი“, „ამ კაცმა დავით აღმაშენებლის სახელზე დაიფიცა.“ ბანერებზე ასევე წერია – „ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ,“ „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას,“ „სააკაშვილის საბრალდებო დასკვნა,“ „გიგა ბოკერიას კლანი,“ „რურუას კლანი,“ „პრეზიდენტის გათავხედებული კოდუების ქონების ნაწილი(ჩამოთვლილია სხვადასხვა უძრავი ქონება). ერთ-ერთ ბანერზე დაბეჭდილია  „ხელშეკრულება თბილისელებთან,“ სადაც ჩამოთვლილია მიხეილ საკააშვილის წინასაარჩევნო დაპირებები, როცა  წლების წინ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე იყრიდა კენჭს. დაპირებების გასწვრივ კი მითითებულია, რომელი მათგანი შესრულდა და რომელი-არა.

აღნიშნული ბანერები მოძრაობა „თეთრების“ დამზადებულია. „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა 24 მაისს, შუადღისას, განაცხადა, რომ  აქციაზე გამოფენას გამართავდა, სადაც აღბეჭდილი იქნებოდა „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები“

 

გასული დღეების ქრონიკა

სახალხო კრების აქცია თბილისში– 24 მაისი – განახლებადი რეჟიმი

ოპოზიციის აქცია თბილისში– 23 მაისი – განახლებადი რეჟიმი

სახალხო კრების აქცია თბილისსა და ბათუმში– 22 მაისი

სახალხო კრების აქცია თბილისსა და ბათუმში –21 მაისი





მასალების გადაბეჭდვის წესი