ნეტგაზეთი | საია: ეკა მიშველაძის მაუწყებლიდან გათავისუფლება კანონთან შეუსაბამო და დისკრიმინაციულია საია: ეკა მიშველაძის მაუწყებლიდან გათავისუფლება კანონთან შეუსაბამო და დისკრიმინაციულია – Netgazeti
RU | GE  

საია: ეკა მიშველაძის მაუწყებლიდან გათავისუფლება კანონთან შეუსაბამო და დისკრიმინაციულია

ეკა მიშველაძე და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გადაცემა “პირველი სტუდიის” დახურვასა და მისი წამყვანის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დათხოვნას სასამართლოში ასაჩივრებენ. საიას განცხადებით, იდავებენ ყველა სასამართლოში და, თუ საჭირო გახდება, საქმეს წაიღებენ სტრასბურგის სასმართლოშიც.

ამის შესახებ მათ საიას ოფისში, დღეს, 7 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, როდესაც შეისწავლეს ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების დოკუმენტაცია, კიდევ დარწმუნდნენ, რომ ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვას ობიექტური საფუძველი არ ჰქონია.

“აქ ადგილი ჰქონდა მისი, როგორც კრიტიკული გადაცემის წამყვანის არხიდან გაშვების პირდაპირ მცდელობას და ასევე ვფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებაში იკვეთება დისკრიმინაციის ნიშნები ოჯახური სტატუსის გამო,” აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, საიასთვის სტრატეგიულიად მნიშვნელოვანია ეს საქმე იმიტომ, რომ როდესაც ჟურნალისტების გაჩუმების თუ არხიდან გაშვების მეშვეობით მედიაგარემოს ცვლილებას აქვს ადგილი, მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოებამ ეს საქმე არ მიუშვას თავის ნებაზე და ყველა კანონიერი საშუალების გამოყენებით იდავოს როგორც კონკრეტული ჟურნალისტის უფლებების, ასევე საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკა მიშველაძის გათავისუფლება და მისი გადაცემის დახურვა იყო დაუსაბუთებელი, არ იყო შესაბამისობაში კანონთან და ასევე იყო დისკრიმინაციული. შესაბამისად, ჩვენ ამ საქმეს სასამართლოში გავასაჩვრებთ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეროვნული სასამართლოები მოახერხებენ ამ ჩადენილი უსამართლობის გამოსწორებას. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ სასამართლოებში ვერ მოხერხდება დარღვეული უფლების ადღდგენა, მაშინ ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ აღნიშნული საქმე წავიღოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში,”- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

გადაცემა “პირველი სტუდია” 2015 წლის აგვსტოდან ეთერში აღარ გასულა. თუმცა, ეკა მიშველაძის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 2016 წლის თებერვალში მიიღო.

დღევანდელ ბრიფინგზე ეკა მიშველაძემ ასევე განაცხადა, რომ მაუწყებლის გენერალური დირექტორისგან მას არ მოუსმენია დამაჯერებელი არგუმენტები გადაცემის დახურვისა და მისი გათავისუფლების შესახებ.

“მართლაც ისე გამოდის, რომ ერთადერთი მიზეზი არის ის, რაც ბასა ჯანიკაშვილმა განაცხადა, რომ თურმე უხერხულია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლე იყოს პოლიტიკური ტოქ-შოუს წამყვანი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ აუცილებად გავიმარჯვებთ და სამართლიანობა, ამ შემთხვევაში, აღდგება,”- აცხადებს მიშველაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბასა ჯანიკაშვილმა სექტემბერში განაცხადა, რომ ეკა მიშველაძეს პოლიტიკოსზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა:

“ქალბატონ ეკას მინდა მივულოცო მთელი გულით და სულით ოჯახის შექმნა. იყო პრომოს დამზადების პროცესი, ველოდებოდით, რომ ეკა უნდა ჩამოსულიყო, ეს პრომო უნდა დაგვემზადებინა და ასეთი კარგი ამბავი დაგვახვედრა, რომ გათხოვდა პოლიტიკურ ლიდერზე, მომავალ პარლამენტის თავმჯდომარეზე, სხვათა შორის, აქვე ვიწინასწარმეტყველე. მაუწყებელს აქვს თავისი კოდექსი, როგორც მარეგულირებელ კომისიას, ასევე მაუწყებელს, სადაც ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი,” განაცხადა ბასა ჯანიკაშვილმა.

ეკა მიშველაძისა და პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის ქორწინების შესახებ აგვისტოში გახდა ცნობილი.

რაც შეეხება მიზეზს, საია აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკა მიშველაძის გათავისუფლების ოფიციალურ საფუძვლად  “შრომის კოდექსის” 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტს ასახელებს, სადაც იგულისხმება “სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს  შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ამგვარ გარემოებად კი მაუწყებელი ,,პირველი სტუდიის“ დახურვასა და ახალი გადაცემის ეთერში გაშვების არამიზანშეწონილად მიჩნევას ასახელებს.

საია აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ არ ასაბუთებს ,,პირველი სტუდიის“ დახურვის კანონიერებას, ხოლო ახალი გადაცემის გაშვების მიზანშეუწონლად მიჩნევა ასევე დაუსაბუთებელ და არადამაჯერებელ არგუმენტებს ემყარება, კიდევ უფრო ღრმავდება საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები, რომ ადგილი აქვს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარედაქციო პოლიტიკაში არაჯანსაღ ჩარევას.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი