„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვაზე პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
სარჩელში, რომელიც EMC-იმ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან“, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელთან“ და „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ ერთად „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მოამზადა, სადავოდაა გამხდარი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელისა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის N2 დანართით გათვალისწინებული ნუსხის კონსტიტუციურობა.
სსკ-ის 260-ე მუხლში საწყისი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის 6 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისათვის 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
ხოლო „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში განსაზღვრულია კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების მცირე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.
EMC-ის განცხადებით, მოსარჩელეების პოზიციით, სადავო ნორმები არაპროპორციულად მკაცრ სანქციებს აწესებს ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის, ხოლო ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებისთვის საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს მცირე და საშუალო ოდენობებს და, შესაბამისად, მათი უმცირესი რაოდენობით აღმოჩენაც კი კანონით დიდ ოდენობად მიიჩნევა, რაზეც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე ვადით.
მოსარჩელეების პოზიციით, დღეს არსებული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის, თავისუფალი განვითარების, პატივისა და ღირსების ხელშეუვალობისა და თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებებს, რადგან კანონმდებლობა აწესებს უსამართლო ოდენობებს ნარკოტიკული საშუალებებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსი კი ითვალისწინებს არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად მკაცრ სანქციებს პირადი მოხამრების მიზნით მათი უკანონო შეძენა/შენახვისათვის.
მოსარჩელეების მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა, თუკი მათი ოდენობა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ცალსახად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე, არ წარმოადგენს იმ სახის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველ ქმედებას, რომ ამ ქმედებისთვის პირი დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით.
ამავდროულად მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ასეთ ქმედებაზე სასჯელის უმკაცრესი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს- ხშირ შემთხვევაში კონტრპოდუქტიულია- სასჯელის ისეთი მიზნების მიღწევას, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და ზოგადი სამართლიანობის აღდგენა.
დღესდღეობით სადავო ნორმებით არაერთ პირს აქვს ხანგრძლივი ვადით თავისუფლება აღკვეთილი. გასაჩივრებული ნორმების მოქმედება მით უფრო არაგონივრული და რეპრესიულია იმ პირთა მიმართ, ვისაც წამალდამოკიდებულების პრობლემა აქვს.
ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში. EMC დაიცავს.