ახალი ამბები

კალაძე: გაზპრომისგან გაზის დამატებითი მოცულობა აღარ გვჭირდება

4 მარტი, 2016 • 2224
კალაძე: გაზპრომისგან გაზის დამატებითი მოცულობა აღარ გვჭირდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს აღარ დაჭირდება რუსული “გაზპრომისგან” ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის შეძენა.

საქართველო გასული წლიდან მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან” გაზის დამატებით მოცულობის მიღებასა და რუსეთიდან სომხეთში გაზის გატარების სანაცვლოდ მიღებული გატარებული გაზის 10% -ის მონეტიზაციაზე.

კახა კალაძემ  4 მარტს,  მას შემდეგ რაც ხელი მოაწერა მემორანდუმს აზერბაიჯანულ “სოკართან”  საქართველოსთვის დამატებით 500 მლნ კუბური მეტრი გაზის მოწოდების შესახებ, განაცხადა, რომ “გაზპრომისგან” დამატებითი გაზის მიღების საჭიროება აღარ დგას.

მისი თქმით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებები არ არის დასრულებული და შესაბამისად არ არის ხელმოწერილი ხელშეკრულება გაზის სომხეთში გატარების სანაცვლოდ მიღებულ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით.  “გაზპრომი” საქართველოს გატარებული გაზის მოცულობის 10% ბუნებრივი აირის მიწოდების სანაცვლოდ მის მონეტიცაზიას სთხოვს. კალაძემ 4 მარტს განაცხადა, რომ საქართველო ისევ ძველი კონტრაქტის პრიობებს სთავაზობს “გაზპრომს”:

“გაგაცნობთ შეთავაზების პირობებს, რომლებიც იქნა ქართული მხარისგან გაჟღერებული. ეს არის: დავრჩეთ ისევ იმ ძველი კონტრაქტის პირობებში, ანუ ისევ 10% მივიღოთ ნედლეულის სახით ბუნებრივი აირი.”


მემორანდუმი “ სოკართან” დამატებით 500 მლნ კუბური მეტრის გაზით მოწოდებაზე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ და აზერბაიჯანული “სოკარის”  პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა 4 მარტს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს “სოკარისგან”.

კერძოდ, ცვლილება შევიდა  საქართველოს მთავრობას და კომპანია “სოკარს” შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში, რომელიც ძალაშია 2030 წლამდე.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 4 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდა გაზის დამატებითი მოცულობისა, “სოკართან” მიღწეულია შეთანხმება ე.წ. სოციალური გაზის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია ახალი ფასი. აქამდე სამინისტროს ინფორმაციით საქართველოსთვის 1000 კუბური მეტრი სოციალური გაზის ღირებულება 120 აშშ დოლარი იყო.

ენერგეტიკის სამინისტოს ცნობით, საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს სამხრეთ კავკასიური ე.წ. შაჰდენიზის მილსადენიდან მიიღებს.  როგორც მთავრობა 4 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში იუწყება,  წინა წლების მსგავსად აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღების პრობლემა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით,  “სოკარი”  ასევე მზადაა  1000 კუბურ მეტრზე 35/40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისათვის კომერციული გაზის ფასი. ამჟამად ზუსტად რა ფასადად აწვდის კოლერციულ სექტორს “სოკარი” ბუნებრივ აირს უცნობია.  ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2015 წელს  ფრაქცია “რესპუბლიკელებისთვის” გაგზავნილი წერილში წერია, რომ კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს ეს კონტრაქტები, თუმცა სამინისტროს ინფორმაცით,  კერძო სექტორი “სოკარისგან” 1000 კუბურ მეტრ გაზს  260 ევროდ ყიდულობს.


საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მოხმარება 

საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მოხმარება 2012-15 წლებში; წყარო: 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ფრაქცია "რესპუბლიკელების" კითხვებზე მიწოდებული ინფორმაცია

საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მოხმარება 2012-15 წლებში; წყარო: 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ფრაქცია “რესპუბლიკელების” კითხვებზე მიწოდებული ინფორმაცია

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, 4 მარტს “სოკართან” გაფორმებული ხელშეკრულებით მისაღები 500 მლნ კუბური მეტრი გაზი ზემოთ მოყვანილ ცხრილში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია “სოკარის” მაჩვენებელს დაემატება. 2015 წელს საქართველომ “სოკარისგან” სულ 1.483  მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, თუმცა უცნობია ჯამში რა ოდენობის ბუნებრივი აირის მოწოდებას ითვალისწინებდა ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიანს შორის, რომელიც 2011 წელს გაფორმდა და 2030 წლამდეა ძალაში.

ვალიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ფაქტობრივად არის რეზერვი, რომელიც გაზის მოხმარების გაზრდის შემთხვევაშიც სრულიად გამორიცხავს “გაზპრომის საჭიროებას”.

მისი თქმით, “გაზპრომისგან” ბუნებრივი აირის საჭიროება აღარ დადგება იმ შემთხეხაშიც კი, თუკი თუკი საქართველო იძულებული გახდება, რომ დათანხმდეს გაზპრომის მოთხოვნას სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის 10%-ის მონეტიზაციაზე. მარიამ ვალიშვილი ამბობს რომ იმ 200 მილიონი კუბური მეტრ გაზს, რასაც საქართველო ტრანზიტის საფასურად იღებს,  4 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი აირის მოწოდებაზე სრულად დააკმაყოფილებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი