ახალი ამბები

ხიდაშელი: დარღვევის შემთხვევაში ყველა რანგის სამხედრო მოხელე თანაბრად დაისჯება

4 მარტი, 2016 • 1157
ხიდაშელი: დარღვევის შემთხვევაში ყველა რანგის სამხედრო მოხელე თანაბრად დაისჯება

დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეთა სადისციპლინო წესდებაში შევა:

“აბსოლუტურად გასწორდა ყველა რანგის სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი. თუკი დღემდე გადაცდომები იყო მაგავსი, მაგრამ პასუხისმგებლობა – განსხვავებული, ოფიცრებსა და რიგითებს შორის, ჩვენ დღეს წესდებით ეს გავასწორეთ. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ თუკი გადაცდომასთან გვაქვს საქმე, ყველა არის თანასწორი. თუ, მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე ჩხუბობს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, მნიშვნელობა არ აქვს, ის ოფიცერია თუ რიგითი, ყველას მიმართ კანონი უნდა იყოს თანასწორი. ეს მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებში თანასწორობის გრძნობის გაძლიერებას, რაზეც ისინი ძალიან ხშირად სამართლიანად პროტესტს გამოთქვამდნენ ხოლმე”

ასევე, ხიდაშელის განცხადებით, დღეიდან საქართველოში უქმდება სამხედრო მოსამსახურეების ადმინისტრაციული პატიმრობა.

“ასეთი რამ საერთოდ აღარ იარსებებს. აღარ იარსებებს ჰაუპვახტები და არ იარსებებს არანაირი სხვა ფორმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე პატიმრობის,” – აცხადებს ხიდაშელი ჟურნალისტებთან საუბრისას.

გარდა ამისა, ხიდაშელის განცხადებით, შემოდის წახალისების ახალი სისტემაც, რაც ნატოს წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკების შეჯერებულ ვერსიას წარმოადგენს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამკაცრდება მიდგომა შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალის ფაქტებთან დაკავშირებით. ამ ცვლილების შესახებ შესახებ თინა ხიდაშელმა რამდენიმე თვის წინ ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი