ახალი ამბებისაზოგადოება

მთავრობა მხარს უჭერს საგანს “მე და საზოგადოება”

4 მარტი, 2016 • 1362
მთავრობა მხარს უჭერს საგანს  “მე და საზოგადოება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 4 მარტს მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საგან “მე და საზოგადოებასთან” დაკავშირებით.

მისი თქმით, მთავრობამ რამდენიმე დღის წინ განიხილა  სასწავლო პროგრამაში ახალი საგნის “მე და საზოგადოება” საკითხი, რომელიც პრემიერის თქმით, განათლების მინისტრზე  “გაუთავებელი თავდასხმების” და “სპეკულაციების” მიზეზი გახდა.

“ დაისვა შეკითხვები, მათ შორის, საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვები. აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, არის პასუხგაცემული და ამოწურული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა:

“ ის, რომ ადრეული ასაკიდანვე ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ პასუხისმგებლობის გრძნობა და განვუვითაროთ ეს გრძნობა, მე მგონი, ამაში დადებითის გარდა არაფერია”.

მისი თქმით, “რისკები ყველაფერში არსებობს”, თუმცა პრემიერი ფიქრობს, რომ რისკების არსებობა არ ნიშნავს, რომ ასეთი დისციპლინა არ არის საჭირო.

“ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები თავიდან ავიცილოთ. პედაგოგების მომზადებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა”.

პრემიერმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ მთავრობის წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, ამიტომ მან მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა განათლების მინისტრს:

“ მე მინდა, რომ მთელი მთავრობის სახელით მხარდაჭრა გამოვუცხადო განათლების მინისტრს, ასევე მინდა მოვუწოდო მას, რომ მაქსიმალურად იქნას გახსნილი განათლების სამინისტროს კარი ნებისმიერი ასეთი დიალოგისთვის. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ბრალდებები და რაღაც ინსინუაციები ფსდევდოტრადიციულ ღირებულებებზე არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი. არანაირი კავშირი ამ საგანსა და ამ სპეკულაციებს შორის არ არსებობს და ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ, თუკი რაიმე ასეთი რისკი შეიძლება არსებობდეს ამ განხილვების პროცესში”.

კვირიკაშვილი აცხადებს, რომ  ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც შესაძლოა წამოიჭრას მომავალში, უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ უნდ განიხილოს და შემდგომ უკვე გუნდურად გამოითქვას მხარდამჭერი განცხადებებიც:
“იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ის, რაც სწორია ვაკეთოთ და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ ის პროგრამები, რომლებიც, ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა 4 მარტს მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში ახალი საგნის, საზოგადოებრივი მეცნიერებების შეტანას გეგმავს, რასაც საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება – მათ შორის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ნაწილი, დემოგრაფიული განვითარების ფონდი და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი