ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე შენობის ქირაში 9 თვეში $675 000–ს გადაიხდის

2 მარტი, 2016 • 2615
ეკონომიკის სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე შენობის ქირაში 9 თვეში $675 000–ს გადაიხდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სამინისტრო დროებით თბილისში, ჭოველიძის (ყოფ. ბელინსკის) ქუჩაზე გააგრძელებს მუშაობას. სამომავლოდ კი ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება.

ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, შენობის ფართი, სადაც სამინისტრო დროებით გადავა, 7 500 კვ.მ-ია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ჭოველიძის ქ. 10-ში მდებარე შენობა შპს „ბიზნეს ცენტრი ბელინსკისგან“ 2016 წლის ბოლომდე იქირავა, ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება კი შეადგენს 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

შესაბამისად, 2017 წლამდე 9 თვის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს შენობის ქირაში 675 000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

სამინისტროს ცნობით, ახალი შენობა სრულად უზრუნველყოფილია სამუშაო პროცესისთვის საჭირო ავეჯით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და პარკინგით.

ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს შენობა გასულ წელს აუქციონზე 9 450 000 დოლარად გაიყიდა. ამ შენობაში ინვესტორმა 36 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა მოაწყოს და ექსპლუატაციაში გაუშვას.

“ობიექტურად უნდა ვთქვა და მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორს, რომელმაც ჩვენივე თხოვნით, გათვალისწინებულ ვადაზე 3 თვით მეტხანს გაგვაჩერა ამ შენობაში. ჭოველიძის ქუჩაზე ნაქირავებ შენობაში ეკონომიკის სამინისტრო 1 აპრილიდან გადავა“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიასთან საუბრისას.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს ბიზნესცენტერი ბელინსკზე 2014 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული და მისი 100%–იანი წილის მესაკუთრე შპს ტიფლის ბიზნესჯგუფია.  ბიზნესცენტრის დირექტორი  გიორგი ზაქაიძეა. რაც შეეხება შპს ტიფლის ბიზნესჯგუფს, ის 2013 წლის აგვისტოშია რეგისტრირებული და მისი დირექტორიც ასევე გიორგი ზაქაიძეა. ტიფლის ბიზნესჯგუფის 100% ცაცა კვირიკაშვილს ეკუთვნის.

გასწორება: ტექსტში თავდაპირველად ეწერა, რომ ეკონომიკის სამინისტრო შენობის ქირაში 900 000 დოლარს გადაიხდის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან, როგორც სამინისტროში განმარტეს, შენობა დაქირავებულია არა ერთი წლით, არამედ 9 თვით. შესაბამისად, 9 თვეში ეკონომინის სამინისტრო ქირაში $675 000–ს გადაიხდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი