ახალი ამბები

ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს

1 მარტი, 2016 • 2417
ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს

ანი ნადარეიშვილი არ ადასტურებს “TV პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ამის შესახებ განცხადებას ნადარეიშვილი ფეისბუკზე ავრცელებს.

ჩემო საყვარელო მეგობრებო და თანამებრძოლებო, დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ვთვლი, რომ უბრალოდ მოქალაქის პოზიციიდანაც კი მეც, ისევე როგორც თქვენ, შემიძლია მონაწილეობა მივიღო ამ ისტორიულ ბრძოლაში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, ვიბრძოლოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, ვიბრძოლოთ რუსი ოლიგარქის დამარცხებისთვის, ვიბრძოლოთ ევროპული და ერთიანი საქართველოსთვის, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის”, – წერს ანი ნადარეიშვილი.

ანი ნადარეიშვილი © ალექსანდრე იაკობიძე

ანი ნადარეიშვილი © ალექსანდრე იაკობიძე

ანი ნადარეიშვილის მეუღლე ბაჩო ახალაია საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დააკავეს და რამდენიმე ბრალი წაუყენეს. ამჟამად ახალაია მსჯავრდებულია და მატროსოვოს ციხეში იხდის სასჯელს. ამის შემდეგ ანი ნადარეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი” დააარსა.

ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით, სანდრა რულოვსი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნოს სიის პირველი ნომერი იქნება. ეს ინფორმაცია მაყურებელს “პირველის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ გააცნო.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ენმ-ს სიის ათეულში იქნებიან ადვოკატები – ოთო კახიძე და ზაზა ბიბილაშვილი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი და, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, ჯერ კიდევ ყოყმანობს. ტელეკომპანიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობას ანი ნადარეიშვილიც მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი