ახალი ამბები

მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს

3 მაისი, 2011 • • 1263
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს

დღეს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება. 3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღედ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1993 წელს გამოცხადდა. ამ დღეს ხდება იმ ინიციატიავების მხარდაჭერა და განვითარება, რაც წაადგება პრესის თავისუფლებას.

3 მაისის მსოლფიო პრესის დღედ გამოცხადების შესახებ რეკომენდაცია იუნესკოს გენერალური კონფერენციის 26-ე სესიაზე 1991 წელს გაიცა. ეს დღე ემსახურება მოქალაქეთა ინფორმირებას პრესის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ და შეახსენებს საზოგადოებას, რომ მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში გამოცემები ექცევიან ცენზურის ქვეშ, ჯარიმდებიან, იდევნებიან და იხურებიან. ჟურნალისტების, რედაქტორებისა და გამომცემლების მიმართ კი ხორციელდება ზეწოლა, ძალადობა, თავდასხმა და მკვლელობებიც კი.

ღონისძიების ფარგლებში ხდება მსოფლიოში პრესის თავისუფლების შეფასება, ყურადღება ექცევა მედიის დამოუკიდებლობის დაცვის საკითხებს და იმ ჟურნალისტებისთვის პატივის მიგება, რომელთა სიცოცხლეც შეეწირა მათ პროფესიულ საქმიანობას.

მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე მასშტაბურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერტებულ შტატებში. იუნესკოს ეგიდით წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება ვაშინგტონში. 1–2 მაისს ღონისძიებები გაიმართა Newseum-ში, ხოლო დღეს ღონისძიებები გაიმართება ეროვნულ პრეს კლუბში. წლევანდელი ღონისძიებების თემაა «21–ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები» .

ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ თემაზე ფოკუსირება განაპირობა ინტერნეტისა და ციფრული პლატფორმების შესაძლებლობამ, იქცეს ყველაზე ძირეულ ფორმად ჟურნალისტებისთვის გამოხატვის თავისუფლების კუთხით, დემოკრატიული მმართველობისა და არსებითი, მდგრადი განვითარებისთვის. იუნესკო წევრი ქვეყნების მთავრობებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ინტერნეტში, როგორც გლობალურ საინფორმაციო წყაროში, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის შესახებ ვალდებულებები უნდა შეასრულონ.

მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავენ საქართველოშიც. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება პრესის თავისუფლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სოციალური  და ბეჭვდითი მედიების წარმომადგენლები ისაუბრებენ არსებულ მდომარეობაზე, რის შემდეგაც გაიმართება დებატები. სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი საქართველოს დანარჩენ ქალაქებშიც.

ჟურნალისტების უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს ინფორმაციით, მხოლოდ 2010 წელს 57 ჟურნალისტი და მედიასაშუალების ერთი არაჟურნალისტი თანამშრომელი მოკლეს, ხოლო დააპატიმრეს 145 ჟურნალისტი, 111 ინტერნეტაქტივისტი და მედიაში დასაქმებული 9 ადამიანი. 2011 წელს კი სულ მოკლეს მედიის 20 წარმომადგენელი, ხოლო ჯამში დაპატიმრებულია 288 ჟურნალისტი და ინტერნეტაქტივისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი