პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა სრულიად ამაზრზენია. უსუფაშვილის თქმით, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ:
“სრულიად ამაზრზენი დანაშაულის მოწმენი ვართ. ვუერთდები ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან მკაფიოდ და ცალსახად აცხადებს, რომ დამნაშავეები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. კანონის მთელ სიმკაცრეზე ყურადღებას სრულიად შეგნებულად ვამახვილებ იმიტომ, რომ ეს არის სასამართლოს და პროკურატურის საქმე, მაგრამ ჩვენ საზოგადოება, პარლამენტარები, ადამიანები, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში ვწერთ რაღაც მუხლებს და მერე სასჯელს ვსაზღვრავთ, ვითვალისწინებთ იმას, რომ როცა დანაშაული ხდება, განსაკუთრებით საზოგადოებისადმი, ადამიანისადმი, სიცოცხლისადმი, კანონით დაცული სიკეთისადმი, ასეთ დროს სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. ეს არის ჩემი პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ძალიან სწრაფად გაართმევენ თავიანთ მოვალეობას თავს.”
პარლამენტის სპიკერის თქმით, მოსახლეობას დაცულობის განცდა უნდა ჰქონდეს:
“კარგი ამბავი ის არის, რომ ბუკას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება… მის სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც უცებ ჩაივლის, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ფართოდ უნდა შევხედოთ მსგავს საკითხებს და საქართველოში ადამიანები იმ განცდით უნდა ვიყოთ, რომ დაცული ვართ. ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი დანაშაული მოიფიქრონ, დაგეგმონ და აღასრულონ, დაინახავენ, რომ მათი ყოველი ასეთი ჩანაფიქრი იქნება ძალიან სასტიკად დასჯილი. მე დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება”, – აცხადებს უსუფაშვილი.