ახალი ამბები

პარლამენტში საბჭოთა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებისთვის კომპენსაციაზე იმსჯელებენ

28 თებერვალი, 2016 • 1399
პარლამენტში საბჭოთა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებისთვის კომპენსაციაზე იმსჯელებენ

29 თებერვალს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი  საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი(უზენაესი) საბჭოს წევრობისთვის ფულადი კომპენსაციის დანიშვნის საკითხზე იმსჯელებს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს  საქართველოს უმაღლესი (უზენაესი) საბჭოს ყოფილმა დეპუტატებმა მიმართეს.

2015 წლის 24 სექტემბერს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ვილენ ალავიძემ განაცხადა, რომ საბჭოთა საქართველოს უმაღლესი საბჭოს წევრები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან:

“პარლამენტს ეძლევა საშუალება, რომ ამ ნაწილში მაინც გაერთიანდეს საქართველო. აფხაზეთიდან, ოსეთიდან, აჭარიდან და ყველა რეგიონიდან არჩეული დეპუტატები მიიღებენ და ეს იქნება სამართლიანობის აღდგენის ძალიან ბრწყინვალე მაგალითი.”

ინფორმაციის  თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით,  საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატებისთვის კომპენსაციის მიცემასთან დაკავშირებით უკვე გაიმართა სამი საკომიტეტო მოსმენა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დასკვნაში აღნიშნა, რომ „კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკითხი ეხება ადამიანის უფლებების კუთხით სამართლიანი მიდგომის პრინციპს. ასევე მიიჩნია, რომ შემოთავაზებული პრინციპი იმსახურებს მხარდაჭერას. მთავრობასთან კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს, რათა მოიძებნოს ისეთი ფორმულირება, რომლითაც შესაძლებელი იქნება საკითხის დადებითად და კანონიერად გადაწყვეტა. მსჯელობის შედეგად კომიტეტმა, საკითხი შეაფასა რა ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში, მიიჩნია, რომ წინადადების ავტორთა მოთხოვნა სამართლიანია და პრინციპის დონეზე მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე შემოთავაზებულ იდეას.“

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წინადადებას, კერძოდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2015 წლის 24 სექტემბრის #45 ოქმში მითითებულია, რომ „საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იზიარებს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ პრინციპს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინადადების მხარდაჭერა გავლენას იქონიებს უკვე დასრულების პროცესში მყოფ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამიტომ, მთავრობის მხრიდან დადებითი პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიაჩნია წინადადების საკანონმდებლო ინიციატივის სახით ინიცირება.“

აღნიშნული პოზიციები არ გაიზიარა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. კომიტეტის 2015 წლის 15 სექტემბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მსჯელობის შედეგად კომიტეტმა არ გაიზიარა საკანონმდებლო წინადადების ავტორთა პოზიცია, არ მიიჩნია ის სამართლებრივად და პოლიტიკურად მისაღებად და მიზანშეუწონლად ჩათვალა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების გათანაბრება საქართველოს პარლამენტის წევრებთან.“

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 2008 წლის ივნისიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრებზე სახელმწიფო კომპენსაციისათვის საჭირო თანხამ სულ შეადგინა 32 695 081 ლარი. ყოველწლიურად პარალმენტის ყოფილი წევრების კომპენსაციისათვის განსაზღვრულია დაახლოებით 4 მილიონ ნახევარი ლარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი