ახალი ამბები

“ნაცმოძრაობის” ინიციატივა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის

28 თებერვალი, 2016 • 962
“ნაცმოძრაობის” ინიციატივა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის

“ნაციონალური მოძრაობა”პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომლის მიხედვით პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირის მიმართ.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებების განხორციელების მიზანი “სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერლიზაციაა:

“საერთაშორისო სამართლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება, უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე, რომელთა მაქსიმალური სანქცია პატიმრობის 5 წელიწადს არ აღემატება, წინასწარი პატიმრობის გამოყენება გადამეტებულია.”

ცვლილებების მიხედვით, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებულ დაარღვევს მის მიმართ გამოყენებული სხვა აღმკვეთი ღონისძიების პირობებს ან/და ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.

კანონპროექტს 29 თებერვალს, 16:00 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი