გუშინ, 27 თებერვალს, ციხისძირში ნაციონალური მოძრაობის ორი წევრი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
სამინისტროს გამარტებით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
„კარვები სადაც იდგა, ხელს უშლიდა სამუშაოს შესრულებას. პოლიციამ მათ მოსთხოვა, რომ კარვები გადაეტანათ, რაც არ შეასრულეს. შემდეგ, თვითონ პოლიციამ რომ დააპირა გადატანა, ხელი შეუშალეს,“ – განაცხადეს შსს-ში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი ბათუმში პარტიის 2 წარმომადგენლის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უმჯობესია სამართალდამცავი უწყებები ქვეყანაში გამეფებული კრიმინალური
მდგომარეობის გამოსწორებით დაკავდნენ, ვიდრე ერთი კაცის ახირებას ემსახურონ.
„ბათუმში პოლიციის ძალით „ნაციონალური მოძრაობის“ მშვიდობიანი აქცია დაშალეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხეების გადარგვის პროცესს უკავშირდებოდა. დაკავებულია ჩვენი ორი თანაპარტიელი – სოსლან ზოიძე და სოლომონ ბაჯელიძე. ჩვენ ვხედავდით, რომ ამ პროცესთან მიმართებაში ყველანაირი სამართლებრივი ფორმები უგულებელყოფილი იყო, არანაირი უფლება ხეების გადარგვის არ გააჩნდათ და ამ ფონზე ოლიგარქს მაინც თავისი გააქვს. მინდა მივმართო სამართალდამცავებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ ჩვენი თანაპარტიელები და ქვეყანაში არსებული მძიმე კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორებით დაკავდნენ,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.