საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს იძიებს და იმედი აქვს, რომ დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ.
“არ მინდა წინასწარ ინფორმაციების მოწოდება. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში მაქსიმალური რესურსი ჩვენი ძალების მივმართე სწორედ ამ საქმის გამოსაძიებლად. იმედს ვიტოვებ, რომ გაუხსნელი არ დარჩება ეს საქმე და დამნაშავეებს საკადრისი პასუხის გაეცემათ”, – განაცხადა შსს მინისტრმა.
მინისტრის განცხადების შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მინისტრმა ეს განცხადება რესპუბლიკურ საავადმყოფოში ალექსი პეტრიაშვილის მონახულების დროს გააკეთა.
ექიმების განცხადებით, 27 თებერვლისთვის ალექსი პეტრიაშვილის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმყოფება პალატაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
გუშინ, 26 თებერვალს, “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა.
შსს–მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.







