ახალი ამბები

ყოფილი მინისტრი ბიტკოინების ყიდვით $101 ათასით გამდიდრდა

1 თებერვალი, 2018 •
ყოფილი მინისტრი ბიტკოინების ყიდვით $101 ათასით გამდიდრდა

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს 12 ბიტკოინი აქვს. ის ახლა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანია. 2018 წლის იანვრის ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ ყოფილი მინისტრი ბიტკოინების მფლობელია.

გიორგი მღებრიშვილმა კრიპტოვალუტა გასულ წელს იყიდა და ერთ ბიტკოინში 870 აშშ დოლარი გადაიხადა. ჯამურად გადახდილმა თანხამ კი 10 440 აშშ დოლარი შეადგინა. ახლა ერთი ბიტკოინის ფასი 9 283 აშშ დოლარია (გაცვლითი კურსი მუდმივად იცვლება), შესაბამისად, ყოფილი მინისტრი ახლა 111 396 დოლარის ბიტკოინს ფლობს.

2018 წლის დასაწყისში ბიტკოინი 25%-ით გაუფასურდა. მიმდინარე წელს კრიპტოვალუტის გაუფასურება სამხრეთ კორეის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. სამხრეთ კორეამ კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე გარკვეული სანქციები დააწესა, თუმცა  ციფრული ვალუტით ვაჭრობა არ აუკრძალავს.

კრიპტოვალუტის გაუფასურების მიუხედავად, გიორგი მღებრიშვილის მოგება დაახლოებით 101 ათასი აშშ დოლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი