ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

26 თებერვალი, 2016 •
ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი ინტენსიური თერაპიის ქვეშ იმყოფება. პეტრიაშვილს სამი ტყვია ჰქონდა ნასროლი ქვედა კიდურების არეში.

ალექსი პეტრიაშვილის ოჯახისა და პარტიის წევრები დაჭრის შესაძლო მოტივებსა და გარემოებებზე ვერ საუბრობენ.

“დანაშაულის მოტივებთან დაკავშირებით კომენტარებს ნამდვილად არ ვაკეთებთ. რაც მთავარია, შესაბამისმა ორგანოებმა ცხელ კვალზე სწრაფი გამოძიება უნდა ჩაატარონ. ცხადია, რომ დღისით-მზისით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ხდება თავდასხმა ჩვენს თანაგუნდელზე. იმედს ვიტოვებ, რომ სამართალდამცავები სწრაფად გამოიძიებენ მომხდარს,” – აცხადებს “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ირაკლი ჩიქოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

პოლიციის ცნობით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

უცნობია იმ “სამი მეგობრის” ვინაობა, ვისთან ერთადაც პოლიციის ცნობით პეტრიაშვილი შემთხვევის დროს იმყოფებოდა.

შსს–მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი