ახალი ამბები

მიშველაძე ამბობს, რომ არ იცის, ვისთან ერთად იმყოფებოდა პეტრიაშვილი სასაფლაოზე

26 თებერვალი, 2016 •
მიშველაძე ამბობს, რომ არ იცის, ვისთან ერთად იმყოფებოდა პეტრიაშვილი სასაფლაოზე

ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, ვისთან ერთად იმყოფებოდა სასაფლაოზე თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც  ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

“ამ დროისათვის არაფრის თქმა არ შემიძლია, როგორ მოხდა და რა მოხდა, იმიტომ, რომ მე იქ არ ვყოფილვარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს მოხდა ლევან მოქელაძის სასაფლაოზე”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა მიშველაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. მიშველაძე  ალექსი პეტრიაშვილის ცოლია.

პეტრიაშვილი დღეს თბილისში, სასაფლაოზე დაჭრეს და ამჟამად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.

მიშველაძის თქმით, როგორც ექიმები ეუბნებიან, დაჭრილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიცია გამოიკვლევს, ზუსტად რა იყო და როგორ მოხდა და აუცილებლად დაისჯება დამნაშავე. უახლოეს მომავალში ველოდები პასუხებს კითხვებზე, რატომ და რისთვის მოხდა ყველაფერი. უკვე ვთქვი, რომ არ ვიცი, იქ ვისთან ერთად იყო. თუ შსს დაკითხვაზე დამიბარებს, ვიტყვი ყველაფერს, რაც ვიცი”, – ამბობს მიშველაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 თებერვალს,  თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

პოლიციის ცნობით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

უცნობია იმ “სამი მეგობრის” ვინაობა, ვისთან ერთადაც პოლიციის ცნობით პეტრიაშვილი შემთხვევის დროს იმყოფებოდა.

შსს–მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე კომენტარს აკეთებს მისი მეუღლის, თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასტან დაკავშირებით. 26 თებერვალი, 2016, თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე კომენტარს აკეთებს მისი მეუღლის, თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასტან დაკავშირებით. 26 თებერვალი, 2016, თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი