ახალი ამბები

აქციის მონაწილე: ტყიბულში მაღაროელებმა ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს, არიან დაკავებულები

25 თებერვალი, 2016 • 1310
აქციის მონაწილე: ტყიბულში მაღაროელებმა ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს, არიან დაკავებულები

ტყიბულში გაფიცული მაღაროელების აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, გიორგი სოფრომაძემ ნეტგაზეთთან განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიასა და მაღაროელებს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.

გიორგი სოფრიმაძის ცნობით, დაკავებულები არიან არა თავად გაფიცულები, არამედ მათ მხარდასაჭერად ჩასული ადამაინები: გიორგი ხასაია, გიორგი კობახიძე და გიგა ბრეგვაძე. მისი თქმით, მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. პრესსამსახურის განცხადებით, პოლიცია მობილიზებულია იმიტომ, რომ მოქალაქეებმა გამოიძახეს.

აქციის მონაწილეები მაღაროს ადმინისტრაციის შენობაში არიან შესული. მათთან ერთად იმყოფებიან მაღაროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

გიორგი სოფრომაძის განცხადებით, შენობა დაიკავეს იმიტომ, რომ კომპანია დასაქმებულებს “უპასუხისმგებლოდ ექცევა” და “დასცინის”.

უკვე მეთორმეტე დღეა, რაც ტყიბულში მაღაროელები გაფიცული არიან. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები არის ხელფასების გაზრდა 40%-მდე და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ასევე დღეს ისინი უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ კომპანია “საქნახშირი ჯი-აი-ჯი” ტყიბულიდან უნდა გავიდეს და მოხდეს მაღაროს ნაციონალიზაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი