ნეტგაზეთი | კოალიცია მედიის ინტერესების დასაცავად კოალიცია მედიის ინტერესების დასაცავად – Netgazeti
RU | GE  

კოალიცია მედიის ინტერესების დასაცავად

საქართველოში მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად შექმნილ კოალიციას ეჭვი ეპარება, რომ ტელემაყურებელს გასართობი გადაცემები ურჩევნია საინფორმაციო გადაცემებს.

საქართველოში მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად შექმნილ კოალიციას ეჭვი ეპარება, რომ ტელემაყურებელს გასართობი გადაცემები ურჩევნია საინფორმაციო გადაცემებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ BCG Reserch–ისთვის შეკვეთილი კვლევის შედეგების მიხედვით, მაყურებლისთვის პრიორიტეტულია გასართობი გადაცემები. კომუნიკაციების კომისიამ სწორედ საზოგადოებრივი კვლევის შედეგებით უნდა იხელმძღვანელოს სატელევიზიო ლიცენზიების გაცემის პროცესში.

პირველივე პრიორიტეტული საკითხი კოალიციისთვის, რომელშიც დღეს 11 ორგანიზაცია გაერთიანდა, სწორედ ამ კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის გამორკვევაა.

კოალიციის წევრებმა უკვე გამოითხოვეს კითხვარები, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს გამოკითხვა ჩაუტარდათ. კითხვარების მიღების ბოლო დღე 16 აპრილია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს კითხვარი იმიტომ, რომ გავიგოთ – როგორ  გამოიკითხნენ ეს ადამიანები. მთავარი ის არის, რომ ეს შედეგები ეწინააღმდეგება ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული სხვა კვლევების შედეგებს. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს CRRC–ის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც რადიკალურად განხსვავებული შედეგებია– მოსახლეობის 75%–ს აინტერესებს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ჯანდაცვა, ადამიანის უფლებები, განათლება, სასამართლო, არჩევნები და სხვა. ასევე, ერთ– ერთი მაღალმოთხოვნადი პრიორიტეტი დაფიქსირდა საზოგადოების მხრიდან –ჟურნალისტური გამოძიება. ასევე, ამ კვლევის მიხედვით, მაყურებელი დიდი დროს არ უთმობს ტელევიზორს და იმ 2–3 საათსაც ინფორმაციის მისაღებად ატარებს. ასევე, არხიდან არხზე გადადის იმისთვის, რომ მოისმინოს ახალი ამბების სხვადასხვა ვერსია“, – ამბობს შორენა შავერდაშვილი, ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი.

მისივე თქმით, კვლევის სრულიად განსხვავებულ შედეგებს იძლევა NDI–ის კვლევაც, სადაც საზოგადოებრივი ინტერესი საინფორმაციო გადაცემების მიმართ, ასევე, ძალიან მაღალია.

რა შეუძლია აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგიის შესწავლის შემდეგ კოალიციას, „ნეტგაზეთის“ ამ შეკითხვას კოალიციის წევრი ორგაზანიაციის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა თამარ კორძაიამ უპასუხა:

„ერთადერთი, რაც კოალიციას შეუძლია, არის ის, რომ დადოს კვალიფიციური დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ კვლევა არის არასრულყოფილი და არაკომპეტენტური. შემდეგ კამპანია ჩაატაროს ამასთან დაკავშირებით. კოალიციას მხოლოდ შეუძლია თქვას, რომ აღნიშნული კვლევითი ორგანიზაცია საზოგადოებას თავს ახვევს კვლევის იმ შედეგებს, რომელიც ვიღაცის ნებას ემსახურება. ჩვენი მუშაობის შედეგად კი შესაძლოა, 2 წლის შემდეგ კარგი და ობიექტური კვლევა დაიდოს. ეს კოალიცია არსებობის მანძილზე ამისთვის იბრძოლებს“.

აღნიშნული კოალიციის შექმნის მიზანი, როგორც მისმა წევრებმა თქვეს, ქვეყანაში მედიაგარემოს გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობა, მედიამფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვა და მედიის როლის გაძლიერებაა დემოკრატიის განვითარებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“, „სამოქალაქო საზოგადოებისთვის“,“საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“, „რეგიონული მაუწყებლების ქსელი“, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“,“მედიაკლუბი“,“ფონდი „ღია საზოგადოება“ საქართველო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი