ახალი ამბები

ქართული მედია აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

12 აპრილი, 2011 • 946
ქართული მედია აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

ჟურნალისტთა დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა, ტელეარხების  მიკერძოებულობა და სხვა საკითხები, რაც საქართველოში მედიის სფეროში დაფიქსირდა 2010 წელს, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშში აისახა.

„დაფიქსირებულია ჟურნალისტებზე პირდაპირი თავდასხმებისა და დაშინების ფაქტები თანამდებობის პირების მიერ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში დაწვრილებით არის აღწერილი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ჟურნალისტური საქმიანობის საფუძველზე ქვეყნიდან წასვლის ფაქტიც.

„თებერვალში გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მრავალი საგამოძიებო რეპორტაჟის ავტორმა ვახტანგ კომახიძემ მასზე და მის ოჯახზე ხელისუფლების მხრიდან საფრთხის არსებობის გამო თავშესაფარი შვეიცარიას სთხოვა“, –ნათქვამია ანგარიშში.

აღშნიშნული ანგარიშის „მედიის თავისუფლების“ ნაწილში, კონკრეტული მაგალითების ნუსხაში პოლიციის თანამშრომლების მიერ 25 ივნისს „თრიალეთის“ ჟურნალისტისთვის, რომელიც გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის ამსახველ მასალას იღებდა,  ვიდეოკამერის წართმევისა და გადაღებული კადრების  წაშლის ფაქტიც მოხვდა.

ანგარიშში დაფიქსირებულია ჟურნალისტების უფლებების დარღვევა სხვა კუთხითაც.

„ხშირად ჟურნალისტები კონტრაქტების გარეშე მუშაობენ. ხშირად ისინი მესაკუთრეთა  ინტერესების გათვალისწინებით ამზადებენ მასალას, რადგან უმუშევრად დარჩენის ეშინიათ“, –აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში კონკრეტული მაგალითების ნუსხას 2010 წლის 13 მარტს „ იმედის“ ეთერში გასულ „მოდელირებული ქრონიკაც“ დაემატა.

„მოდელირებულმა ქრონიკამ“ მოსახლებაში დიდი შეშფოთება და პანიკა გამოიწვია“,–წერია ანგარიშში.

ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობაც.

რაც შეეხება ეროვნულ ტელევიზიებს, ანგარიშის მიხედვით, „რუსთავი 2“–ში, „იმედში“  და „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ იშვიათობას წარმოადგენს საგამოძებო სიუჟეტები.

საქართველოში მედიის სფეროში აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2009 წელსაც დაახლოებით იგივე პრობლემები დაფიქსირდა :

„არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები  მთავრობასა  და ოპოზიციურ პარტიებს სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. ასევე, ჰქონდა ადგილი ჟურნალისტების ცემის ფაქტებს. 200 დამოუკიდებელ გაზეთს შორის თითქმის ყველა რეგიონული იყო და ცირკულაცია და გავლენაც ცოტა ჰქონდათ. ბეჭდური მედია ხშირად აკრიტიკებდა მთავრობის წარმომადგენლებს, რის გამოც ხშირად მათი ზეწოლის, დაშინებისა და ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ,“–აღნიშნულია 2009 წლის ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი