ახალი ამბებისამართალი

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელზე მთავრობა და NGO-ები ვერ თანხმდებიან

23 თებერვალი, 2016 • 2519
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელზე მთავრობა და NGO-ები ვერ თანხმდებიან

ხელისუფლება აცხადებს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულებების გამოსაძიებლად შეიქმნება, პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოექცეს, არ უნდა შეეძლოს სისხლის სამართლებრივი დევნა და მხოლოდ საქმის გამოძიებით შემოიფარგლოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოდელით კი, დამოუკიდებელი საგამოძებო მექანიზმი სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს პროკურატურისგან, შეეძლოს როგორც გამოძიება, ასევე დევნაც და განიხილავდეს საქმეთა უფრო ფართო სპექტრს, ვიდრე ამას მთავრობა სთავაზობს.

ამასთან დაკავშირებით ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველომ” საქარველოში არსებულ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობენ, კანონპროექტი დაახლოებით 1 წლის წინ მოამზადა და საზოგადოებასაც გააცნო. ამ დროის მანძილზე არ იყო ცნობილი ხელისუფლების პოზიცია, თუ რას ფიქრობდნენ ისინი ამ მოდელზე.

22 თებერვალს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით “ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც არასამთავრობო სექტორის და უცხოელი ექსპერტების გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ასევე, პროკურატურისა და შსს–ს წარმომადგენლებმა დააფიქსირეს პრინციპული პოზიცია, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქცია არ ექნება.

“ეს არამც და არამც არ ნიშნავს ახალი პროკურატურის შექმნას,  ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და არ ყოფილა ასეთი ჩვენი ნება, შეიქმნას დევნის ახალი ორგანო,”– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მთავრობის პოზიციის გაცნობის შემდეგ ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს”  ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერმა, ნიკა ჯეირანაშვილმა განაცხადა, რომ დაიწყება ადვოკატირების ფართომასშტაბიანი კამპანია, რომლის მიზანი იქნება ამ კანონპროექტის მიღება იმ ფორმით, რა ფორმითაც არასამთავრობოებმა წარმოადგინეს.


დამოუკიდებელი საგამოძებო მექანიზმის საჭიროება

როგორც შეხვედრამ აჩვენა, არსამთავრობო სექტორიც და ხელისუფლებაც ფიქრობს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი უნდა შეიქმნას. განსხვავება არის იმაში, თუ როგორი საგამოძებო მექანიზმის შექმნა სურს თითოეულ მათგანს.

არასამთავრობოების პოზიციით, ეს კანონპროექტი საჭიროა იმიტომ, რომ პროკურატურის არაეფექტური მუშაობის გამო ათობით თაროზე შემოდებული საქმის გამოძიებისა და ბოლომდე მიყვანის საჭიროება გაჩნდა. მათი განცხადებით, აუცილებელია არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც პოლიციის, ციხის მეთვალყურეების და სხვა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს ობიექტურად გამოიძიებს.

იუსტიციის მინისტრი კი აცხადებს, რომ “გაჯანსაღების პოლიტიკის” წყალობით პროკურატურა პროგრესის გზაზე დგას და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა არის არა ვინმეს დავალება და რეკომენდაცია, არამედ  ხელისუფლების ნება.

“ჩვენ, როგორც ჩვენი სამოქმედო გეგმით, ასევე ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, გვაქვს ვალდებულება, რომელიც, სხვათა შორის, არავის ჩვენთვის თავზე არ მოუხვევია. ჩვენ თვითონ ავიღეთ იმიტომ, რომ ჩვენ იმიტომ კი არ ვასრულებთ რაღაც რეფორმებს, რომ ვიღაცამ გარედან დაგვავალა, არამედ იმიტომ, რომ გვინდა გვქონდეს უკეთესი ქვეყანა. ჩვენივე ინიციატივა იყო, რომ დაგვეხვეწა გამოძიების პროცესი, როდესაც საქმე ეხება წამებას და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს” – განაცხადა წულუკიანმა. 

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ამავე შეხვედრეაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფუნქციები და უფლებამოსილება მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს.

“ჩვენ დავინახეთ, რომ ეს პრობლემები შესაძლოა არა იმ მასშტაბებით, როგორიც იყო წარსულში, მაგრამ კვლავ არსებობს და სისტემურ პრობლემას სჭირდება სისტემური გადაწყვეტა. ასე რომ, ასეთი მექანიზმის შექმნა იქნებოდა პასუხი დაუსჯელობაზე, პასუხი სისტემურ პრობლემებზე,”- აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. 
შეხვდერა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით. 22.02.2016 ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

შეხვედრა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით. 22.02.2016 ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი


რას გულისხმობს არასამთავრობოების მიერ მომზადებული კანონპროექტი?

კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას მთავრობისგან, მათ შორის, პროკურატურისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. მის ხელმძღვანელს პირობითად კომისარი ერქმევა და 7 წლის ვადით აირჩევა. როგორც OSGF–ის ადამიანის უფლებათა კოორდინატორი, გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, 7-წლიანი ვადა კანონპროექტით გათვალისწინებულია იმიტომ,  რომ  არ დაემთხვეს პოლიტიკურ ციკლს.

კომისრის დასამტკიცებლად დასამტკიცებლად პარლამენტის წევრთა  3/5–ის, ანუ 90 დეპუტატის მხარდაჭერა მაინც იქნება საჭირო. ბურჯანაძის განცხადებით, მის ასარჩევად აუცილებელი იქნება საპარლამენტი უმცირესობის მონაწილეობა და გამორიცხული იქნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ გადაწყვეტილების მიღება.

ამ მოდელის თანახმად, კომისარი პარლამეტს მოხსენებას წელიწადში ორჯერ წარუდგენს. ხოლო თუკი პარლამენტის წევრთა მხრიდან მოთხოვნა იქნება, ეს შეიძლება უფრო მეტჯერაც მოხდეს.

კანონპროექტის თანახმად, კომისრის ოფისს სამი ფუნქცია უნდა ჰქონდეს:

  1. გამოძიება
  2. სისხლის სამართლებრივი დევნა
  3. სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერა

რაც შეეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის იურისდიქციას, ის მოიცავს არა მხოლოდ  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოძიებას, არამედ იმ დანაშაულების გამოძებასაც, სადაც  ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება. კერძოდ, კანონპროექტით, ამოუკიდებელ მექანიზმს უნდა ჰქონდეს დევნისა და გამოძიების უფლებამოსილება მაშინ, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტის დასაბუთებული ვარაუდი, რომლის მიხედვით, გამოძიებას ობიექტურად ვერ წარმართავს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო სტრუქტურა.

“ევროსაბჭოს დახმარებით ამ კანონპროექტმა გაიარა მათ მიერ მოწვეულ ექსპერტთან, მანფრედ ნოვაკთან საერთაშორისო ექსპერტიზა და მან შეაფასა ეს კანონპროექტი, როგორც ერთ–ერთ კარგ, ევროპისთვის მნიშვნელოვან  კანონპროექტად, რომელიც სხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს და რომელიც პოლიციის ერთ–ერთ კარგ რეგულაციას შეიცავს,”– ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

მისივე თქმით, სწორედ გაეროს წამების, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ სპეციალური ყოფილი მომხსენებელი, მანფრედ ნოვაკი იყო პირველი, ვინც განაცხადა, რომ პოლიციასა და პროკურატურას შორის გარკვეული კავშირის არსებობა მათ შორის ამყარებს  ინსტიტუციურ კავშირებს, რის გამოც ხშირად არის სახეზე ინტერესთა კონფლიქტი და ამიტომაც აუცილებელია ამ მექნიზმის შექმნა.


ხელისუფლების პოზიცია

“ამ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქციები. წერტილი. მას არ უნდა ჰქონდეს არც სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქცია, არც, მით უმეტეს, სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერის ფუნქცია,”– ამბობს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე.

“ჩვენ ვერ შევქმნით პროკურატურის პროკურატურას იმიტომ, რომ მერე თუ გამოირკვა, რომ არ ვართ კმაყოფილები პროკურატურის პროკურატურით, მერე შეიძლება დაგვჭირდეს პროკურატურის პროკურატურის პროკურატურის შექმნა და ასე გაგრძელდეს დაუსრულებლად,”- აღნიშნა ბარამიძემ.

ეს პოზიცია გაიზიარეს შეხვედრაზე დამსწრე შსს–ს, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმაც.

სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმაც განაცხადა, რომ კანონპროექტი მათ პროკურატურის პარალელური სტრუქტურის შექმნას სთავაზობს, რაც მიუღებელია.

“არ ვეთანხმები პარალელური სტრუქტურების შექმნას და მეტიც, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, წარმოუდგენელია საგამოძიებო ორგანო თავის საკუთარი საპროკურორო ზედამხედველობით, რაც ნონსენსია სამართლებრივი სივრცეში,“– აცხადებს კახიშვლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვალერი ლომუაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ძვირადღირებული პროექტია, რომელიც “ბიუჯეტს დააწვება”. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სპეციალური გადამზადება დასჭირდებათ საგამოძიებო მექანიზმის მომავალ თანამშრომლებს, ვინაიდან მათ მანამდე არ უნდა ჰქონდეთ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების გამოცდილება.

თუმცა შეხვედრის დასასრულს, დისკუსიის ნაწილში, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ, რომელიც ასევე იყო ჩართული კანონპროექტის მომზადებაში, განაცხადა, რომ თუკი დევნის ფუნქცია კვლავ პროკურატურას ექნება და საგამოძიებო მექანიზმს მხოლოდ გამოძიება შეეძლება, მაშინ პროკურატურამ შესაძლოა შეცვალოს საქმის კვალიფიკაცია და საქმე სხვა უწყებას გადაეცეს.

“პროკურატურას ყოველთვის ექნება ძალიან მარტივი ბერკეტი, შეცვალოს საქმის კვალიფიკაცია იმიტომ, რომ ის არის ზედამხედველი გამოძიების წარმართვაზე და ავტომატურად საქმე ამოვარდება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ქვემდებარეობიდან,”- ამბობს მშვენიერაძე.

მშვენიერაძემ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეაფასა მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები “პროკურატურის პროკურატურის” შექმნის შესახებ:

“არავინ პროკურატურის პროკურატურას არ ქმნის საქართველოში. პროკურატურის სისტემა საქართველოში არ არის კონსტიტუციით განსაზღვრული ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა. თუკი ჩვენ ფუნქციურად მივუდგებით, პროკურორების ფუნქციას ასევე საქართველოში შეასრულებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ პროკურატურას კიდევ დამატებით ვუქმნით ახალ პროკურატურას,”- განაცხადა მშვენიერაძემ.


დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის რა მოდელი აქვს ხელისუფლებას?

“საქართველოში იარსებებს ერთი მთავარი პროკურატურა, რომელსაც ექნება ზედამხედველობის ფუნქცია ახლად შექმნილ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე. ეს არის მოდელი, რომელზეც მთავრობა ფიქრობს,”- აცხადებს წულუკიანი.

მინისტრი ასევე განმარტავს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი პროკურატურის შემადგენელი იქნება და ვიწრო იურისდიქცია ექნება:

“ადეკვატურ მოდელად მიგვაჩნია არა სრულიად დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფელბისგან, დისტანციური უწყების შექმნა, არამედ იმგვარი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება პროკურატურის შემადგენლობაში. ასეთი ორგანოს შექმნა თავიდან აგვაცილებს ალტერნატიული პროკურატურის არსებობას და ფუნქციების დუბლირების საფრთხეს. ამის გარდა, ის უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი მატერიალური და ადამაინური რესურსების დაზოგვას. ამასთან, დანაყოფი, რომელიც იქნება პროკურატურის შემადგენლობაში, უნდა იყოს ვიწროდ სპეციალიზებული წამებასთან და მასთან დაკავშირებული ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთაზე,“- აცხადებს თეა წულუკიანი.


რას გეგმავენ არასამთავრობოები?

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” წარმომადგენელმა ნიკა ჯეირანაშვილმა 22 თებერვალს არასამთავრობოების მიერ მომზადებული კანონპროექტის ადვოკატირების კამპანია დააანონსა:

“ვინაიდან დღეს გამოჩნდა საკმაოდ მკვეთრი პოზიცია მთავრობისგან, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან იმ პრინციპულ საკითხებს, რაზეც დგას და რასაც ემყარება ჩვენ მიერ მოწოდებული კანონპროექტი, ჩვენ ვაპირებთ, სამოქალქო საზოგადოება, რომ დავიწყოთ საკმაოდ სერიოზული ადვოკატირების კამპანია, რომლის მიზანი იქნება სწორედ ამ კანონპროექტის მიღება იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. ანუ, პრინციპში ვაანონსებ აქვე, რომ ადვოკატირების კამპანია დაიწყება. შეგიძლიათ დღევანდელი დღე ჩათვალოთ კამპანიის დაწყებად,”- განაცხადა მან.

ჯეირანაშვილის თქმით, გაიმართება სპეციალური ღონისძიებაც, სადაც საზოგადოებას წარუდგენენ, თუ რა აქტვობებს მოიცავენ ამ კამპანიის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი