ახალი ამბები

მჭედლიშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახვლედიანის გადაყენებით საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა

22 თებერვალი, 2016 • 1423
მჭედლიშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახვლედიანის გადაყენებით საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ახვლედიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტით საბჭო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა.

მჭედლიშვილის თქმით, იუსტიციის საბჭომ სადისციპლინო კოლეგიის მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება და თანაც ისე, რომ არ მოისმინა მამუკა ახვლედიანის მოსაზრებები.

“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუშვა ორი შეცდომა: ერთი, რომ დაარღვია სამართლიანობის პრინციპი და არ მოუსმინა მეორე მხარეს, რომელსაც ბრალდებას უყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარე პარასკევამდე სათანადო გონივრული ვადის მიცემას ითხოვდა, წარმოედგინა თავის დასაცავი არგუმენტები. მეორე – იუსტიციის საბჭო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, შეიჭრა სადისციპლინო კოლეგიის ფუნქციაში და დააკისრა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. ეს იგივეა, რომ საქართველოს პროკურატურამ გამოიძიოს საქმე, წაუყენოს ბრალი პირს, თავად გამოიტანოს განაჩენი, დააკისროს სასჯელი და აღუკვეთოს თავისუფლება. აქ დაირღვა პროცედურული დებულებები”, – განაცხადა მჭედლიშვილმა, რომელიც იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატია.

ვახტან მჭედლიშვილი ერთადერთი წევრი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელმაც 12 წევრის წინააღმდეგ, მხარი არ დაუჭირა ახვლედიანი დათხოვნას დაკავებული თანამდებობიდან. დღეს, 22 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს უფლებამისლება შეუწყვიტა. საბჭოს წევრი შოთა გეწაძის განცხადებით, ახვლედიანმა არ გაითვალისწინა საბჭოს რეკომენდაცია და თვითნებურად გააუქმა ვიწრო სპციალიზაციები საქალაქო სასამართლოში, რამაც  სისხლის სამართლის კოლეგიაში საქმეთა განაწილების წესი შეცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი