ახალი ამბები

ზუგდიდში 7 200 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება

20 თებერვალი, 2016 • 1188
ზუგდიდში 7 200 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება

ზუგდიდში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას, კაფსულის ჩადებით, საფუძველი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაუყარა.

პრემიერის თქმით, ზუგდიდელებს ახლო მომავალში ექნებათ 7200-ზე მეტ მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო მოედანი. პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გამოყოფილია 9 747 000 ლარი. ამჟამად მიმდინარეობს მიწისზედა გრუნტის სამუშაოები და მუშაობს მძიმე ტექნიკა.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, სტადიონს ექნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგების და მედიისთვის. ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები, მსაჯების ოთახები და ა.შ.  სტადიონს ასევე ექნება სათადარიგო მოედანი, რომელიც 1224 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სათადარიგო სტადიონი სხვადასხვა თამაშის ერთდროულად გამართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო – ხელოვნურით.

სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი