ახალი ამბებისაზოგადოება

ხუნდაძის აზრით, თუ მარიხუანას მოზარდი მოიხმარს, სანქციად შიდა პატიმრობა უნდა გამოიყენონ

19 თებერვალი, 2016 • 1457
ხუნდაძის აზრით, თუ მარიხუანას მოზარდი მოიხმარს, სანქციად შიდა პატიმრობა უნდა გამოიყენონ

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში, სანქციები უნდა გამკაცრდეს.

“არ ვეთანხმებით ჯარიმის თანხის 100 ლარამდე შემცირებას, და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს მინიმუმ 300 ლარით, ვინაიდან მარიხუანაც, როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალებების ერთიან სიაშია მოცემული და არა გამოცალკევებული სახით, როგორც უფრო მსუბუქი. ახალგაზრდის, მოსწავლის შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შიდა პატიმრობის ან გადაადგილების შეზღუდვის სანქციის გამოყენება”, – აცხადებს ხუნდაძე.

დღეს, 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა განიხილა გოგა ხაჩიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით.

“ვერ დავეთანხმებით ნარკოტიკული საშუალების – კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე) შემთხვევაში პასუხისმგებლობის შემსუბუქებას. ადმინისტრაციული პატიმრობა ვერ იქნება გამოყენებული, თუმცა სახდელის სახით, მხოლოდ ჯარიმა არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. მიზანშეწონილი იქნება გათვალისწინებული იყოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან სხვა ანალოგიური სახდელი, რასაც სამართალდამრღვევი თვითონ შეასრულებს. ეს გამართლებული იქნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამართლადამრღვევს არ აქვს შემოსავალი. ასეთ შემთხვევაში მის მიმართ ჯარიმის გამოყენება ოჯახის წევრების დაჯარიმებას უფრო ემსგავსება, ვიდრე სამართალდამრღვევის, ან უბიძგებს სამართალდამრღვევს დანაშაულის ჩადენას”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

აქვე, კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ “მოხმარების სავარაუდო ზრდის მიერ მოტანილი ზიანის შესამსუბუქებლად უნდა დაინერგოს საკონსულტაციო-სამკურნალო ცენტრები, მათ შორის რეგიონებში, ვინაიდან მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ რეგიონებში მოსალოდნელია კანაფის კულტივირებისა და მოხმარების საგრძნობი ზრდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი