ახალი ამბები

“ნაციონალურმა მოძრაობამ” კობა გვენეტაძეს მოუსმინა

18 თებერვალი, 2016 • 1681
“ნაციონალურმა მოძრაობამ” კობა გვენეტაძეს მოუსმინა

დღეს, 18 თებერვალს საპარლამენტო უმცირესობამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კობა გვენეტაძეს მოუსმინა.

მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა”იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, თუ არა პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას:

” ყველა იმ საკითხზე დავსვით კითხვები, რაც გვაინტერესებდა და მივიღეთ პასუხები. ამ პასუხების შესაბამისად ფრაქცია მიიღებს გადაწყვეტილებას, დაუჭიროს თუ არა მხარი. ის, რომ ხვალინდელ სხდომაზე შესაძლებელია არ იყოს განხილული კანდიდატურა, ჩემთვის გაუგებარია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიდის და რაც შეიძლება დროზე უნდა იყოს შერჩეული ახალი. თვითონ ფაქტი რომ კომიტეტმაც კი დაუჭირა მხარი საკითხს, რომ განხილულიყო სხდომაზე, მაგრამ მკაფიო პოზიცია არ აქვს უმრავლეოსობას, ესეც ძალიან საინტერესოა. ყოველშემთხვევაში მივიღეთ პასუხები, ზოგმა დაგვაკმაყოფილა, ზოგმა არ დაგვაკმაყოფილა. ერთდერთი, რაზეც ყველა შევთანხმდით არის ის, რომ კომპეტენცია მას ძალიან მაღალი აქვს. საბჭო ავტომატურ რეჟიმში მაინც აირჩევს მოვალეობის შემსრულებელს, მაგრამ ის რომ შენ, პარლამენტმა ვერ შეძელი ამ საკითხის მოგვარება , ძალიან ცუდი გზავნილია.“-აღნიშნა  მიხეილ მაჭავარიანმა.

საპარლამენტო უმცირესოიბის ლიდერი, დავით ბაქრაძე იმეორებს აზრს, რომ გვენეტაძე კვალიფიციურია, თუმცა მისი აზრით, სამსჯელოა თუ რამდენად შეძლებს ის მთავრობის პოლიტიკას წინა აღუდგეს:

“ამ ადამიანმა დაამტკიცა განვლილი გზით, რომ  მაღალი კლასის პროფესიონალია. თუმცა, რამდენად შეძლებს წინ აღუდგეს მთავრობის მიერ გატარებულ მავნებლურ პოლიტიკას და მავნებლურ რეგულაციებს, რაც ამ მთავრობამ ბევრი მიიღო და რამაც, ამ სამი წლის განმავლობაში ქვეყანა შეიყვანა კრიზისში, აი ამაზე ვიმსჯელებთ და საბოლოო პოზიცია მხარდაჭერის, ან არ დაჭერის შესახებ ცნობილი გახდება.”

კობა გვენეტაძის კანდიდატურის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი უკვე დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია Galt and Taggart-ის (საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია) ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში,  ვაშინგტონში.

კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას,  ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი