ახალი ამბები

ქართული პრესის დაიჯესტი

21 მარტი, 2011 • 1232
ქართული პრესის დაიჯესტი

დღევანდელი ვერსია მოსალოდნელ დაანონსებულ რევოლუციის თემას ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით “გველის თუ არა მაისშიგაბუტული ბატკნების რევოლუციადა რა პროცესს იწყებს 22 მარტს ქართული აკადემია. პოლიტიკურ მოცემულობას “ვერსიისთვის” ნუკრი ქანთარია აანალიზებს, რომელიც 22 მარტს დანიშნულ სპეციალურ ბრიფინგამდე “ქართული აკადემიის” პოზიციებსა და შეთავაზებებს ამხელს. მას ხელისუფლების შეცვლის 4 ვარიანტი ახსენდება: არჩევნები, რევოლუცია, სამხედრი გადატრიალება და ე.წ. ქილერის ანუ თავების მოციილების ინსტიტუტი, რომელსაც ასევე ერთი ჯგუფი აკეთებს, ვთქვათ, კენედის მაგალითი შეერთებულ შტატებში. საქართველოში, ქანთარიას თქმით, მხოლოდ ორი გზა განიხილება: რევოლუცია და არჩევნები. იგი არ გამორიცხავს საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარებას, თუმცა იქვე დასაძენს, რომ გასათვალისწინებელი ბევრი რამაა. ქანთარიას თქმით,  პირველ რიგში არ უნდა დავუშვათ რევოლუციის ქაოსში გადასვლა, რათა ნანგრევებზე ავტოკრატული ხელისუფლება არ აღმოცენდეს. იგი ამბობს, რომ ძველი სახეები, ვინც ერთხელ უკვე იყვნენ ხელისუფლებაში და ასე დაგვაზარალეს, ისევ სათავეში აღარ უნდა მოვიდნენ. ქართული აკადემიის წარმომადგენელი “ვერსიასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ რევოლუციებს იწვევენ ან ციფრები, ან –ხელისუფლების დიდი შეცდომა. ქანთარია აქვე მოუწოდებს სახალხო კრებას და ქართულ პარტიას, ურთიერთქილიკი შეწყვიტონ, რადგანაც თუ ამ რეჟიმში დარჩებიან, გამოდის, რომ ხელისუფლების თამაშს თამაშობენ.  ქართულ აკადემიაში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო გარემოზე მომუშავე რვიანში პარტიები ბოლომდე უნდა დარჩნენ, რადგან სულ თვენახევარიღა დარჩა პროცესის დასრულებამდე, თუმცა იქვე  დასძენს, რომ რვიანს ხელისუფლების შეცვლის ალტერნატული გეგმაც უნდა გააჩნდეს, თორემ მოლაპარაკება ძალის დემონსტრირების გარეშე მაინც შეუძლებელია. დასასრულს ქართული აკადემიის წარმომადგენელი მოუწოდებს ყველა პარტიას, საზოგადოებასთან ერთჯერადი ოპოზიციური შეხევდრა მოეწყოს თემაზე-როგორ არ შევუშალოთ ხელი ერთმანეთს და დასძენს, რომ იდეალური ვარიანტი ასეთია- უნდა ვემზადოთ რევოლუციისათვის, რათა მივიღოთ სამართლიანი არჩევნები.

რეზონანსის მთელი კვირა აქვეყნებს სტატიას სათაურით ვადაგასული ანონსებით მოსაყვანი რევოლუცია და მკითხველს ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუს სთავაზობს. სტატიაში ცისკარიშვილი სახალხო კრებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თავიდან, როცა კრების დაფუძნების ინიციატორთა შორის იყო, ფიქრობდა რომ კრების მიზანს ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ვიღაცისთვის მიზანი ყოფილა ქმედება ხელისუფლებაში მოსასვლელად და ირიბ მინიშნებას ნინო ბურჯანაძეზე აკეთებს. ექსპერტი დასძენს, რომ სახალხო კრება ერთი საარჩევნო ციკლისთვის არის შექმნილი და კეთილი უნდა ინებოს და გამოხატოს ხალხის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის ნება.

დღევანდელი კვირის პალიტრა მიმდინარე მოვლენებზე ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის შეფასებებს გვთავაზობს.  გასულ კვირას, “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” ანგარიშის მოსმენის შემდეგ, საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს მიერ გააკეთებულ განცხადებაზე საქართველოში  ნეობოლშევიზმთან ასოციაციების შესახებ ფირალიშვილი საგულისხმოს უწოდებს და თვლის, რომ საფრანგეთის მთავრობის მიერ საქართველოში მიმდინარე პროცესების აღქმაში გარდატეხა მოხდა. ფილოსოფისის თქმით, ბიზნესის, მედიის, საარჩევნო რესურსების და სხვათა ტოტალური კონტროლი ბოლშევიკური შეთქმულების ნიშანია და დიპლომატს  ახალი, რაც არ ვიცოდით, არაფერი უთქვამს.  რევოლუციური შეთქმულებისა და საზოგადოების უსახო “პიარმეთოდებით” იოლად მართვად მასად წარმოდგენის შედეგად მოდერნიზაცია ჩიხში იწყებს შესვლას. ზაზა ფირალიშვილი  კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ქვეყნის ხელისუფლება კიდევ უფრო გაამძაფრებს კონფლიქტს საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციებთან, მწვავე დაპირისპირება გარდაუვალია, თუმცა აქვე დასძენს, რომ რევოლუცია ტრაგედიაა ნებისმიერი ხალხისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რევოლუციის იდეა საქართველოში მარგინალურად იქცეს და საბოლოოდ არ ჩამოყალიბდეს ხელისუფლების მონაცველობის უმთავრეს გზად.

გაზეთი ასავალდასავალში გამოქვეყნებულია ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ, სადაც აცხადებს, რომ ბურჯანაძის მიერ დაანონსებულ დაუმორჩილებლობის აქციაში მთელი საქართველო ვერ ჩაებმება და  მიზეზად სააკაშვილის უზარმაზარი ბერკეტები მოჰყავს, რაც გააჩნია პოლიციის, პარლამენტის, ჯარისა და ადგილობრივი გამგებლების სახით. ამასთან, ექსპრეზიდენტი “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში დასძენს, რომ ხელისუფლების ძლიერების გამომხატველ ბერკეტებს ხალხში გამეფებული შიშის სინდრომიც ემატება.  ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ არც ერთ რევოლუციას არ მოუტანია სიკეთე და არც ბურჯანაძის რევოლუცია ააშენებს ქვეყანას. დასასრულს ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ შეიძლება სააკაშვილი კიდევ ბევრ სხვას სჯობდეს და ბურჯანაძეზე და სხვა ოპოზიციონერებზე აკეთებს მინიშნებას. ამასთანავე, შევარდნაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი მისგან განსხვავებით არაპროგნოზირებადია და რევოლუციის მოწყობა ამ პირობებში ასე იოლი არ არის.

ამავე გაზეთში ყოფილ პარლამენტარ ვალერი გელბახიანთან ინტერვიუა გამოქვეყნებული. ინტერვიუში გელბახიანი სახელისუფლებო გუნდში არსებულ ორ ბანაკზე საუბრობს და აკონკრეტებს, რომ ბოკერიას ბანაკი, რომელშიც უგულავაც შედის, კოსმეტიკური ცვლილებების მომხრეა, ხოლო მერაბიშვილის ბანაკი– ძალადობის. იმ შემთხვევაში, თუ დიდი რაოდენობის ხალხი გამოვა ქუჩაში, ბოკერიას გუნდი გააქტიურდება და ყურადღების გადატანის მიზნით აუცილებლად აიძულებს სააკაშვილს, დაიწყოს წმენდა ნაციონალური მოძრაობის შიგნით. მისი თქმით, დაჭერები ჟვანიას გუნდის ყოფილ წევრებს შეეხება. ამით ხელისუფლება შეეცდება ხალხის პროტესტის გადაფარვას.  იმ შემთხვევაში, თუ ეს ხერხი არ გაჭრის, მაშინ, გელბახიანის პროგნოზით, მერაბიშვილის ბანაკი იმას გააკეთებს, რაც – ლიბიელმა კადაფიმ. ამ მიზნით, მისი თქმით, ხელისუფლება აგროვებს დაქირავებულ მხარდამჭერებს, რათა არეულობის შემთხვევაში მოხდეს მათი მანიფესტანტების წინააღმდეგ გამოყენება.  ეს ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ ხალხის დარბევაში პოლიციამ და ჯარმა კი არ მიიღოს მონაწილეობა, არამედ ვითომ სააკაშვილის მხარდამჭერებმა, განმარტავს ვალერი გელბახიანი “ასავალდასავალთან” და იქვე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებასაც აკეთებს. მისი თქმით, როგორც კი ხალხი ქუჩაში გამოვა, თვითონ სააკაშვილი დაიწყებს ხვეწნას და ნებისმიერ პირობებზე დათანხმდება, ოღონდ ოპოზიცია არჩევნებზე წავიდეს.

კვირის ქრონიკასთან სახელისუფლებო გუნდში მოსალოდნელ დაჭერებზე საუბრობს ჟურნალისტი ელისო კილაძეც. მისი თქმით, დაჭერები, სავარაუდოდ, 10 აპრილიდან დაიწყება და არა მხოლოდ გელბახიანის მიერ დაანონსებულ მაჭარავარიანსა და ბარამიძეს, არამედ “თავისუფლების ინსტიტუტსაც” შეეხება, რადგან ხელისუფლების შიგნით საშინელი დაპირისპირებაა, მიაჩნია ელისო კილაძეს. მისი თქმით, გიგა ბოკერიასა და ძალოვანებს შორის სერიოზული კონფლიქტია და ახლა ისეთი სიტუაციაა, ყველა დასწრებაზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი