ახალი ამბები

ონოფრიშვილი: კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის რეალური კანდიდატია

12 თებერვალი, 2016 • 1611
ონოფრიშვილი: კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის რეალური კანდიდატია

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი დავით ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატად კობა გვენეტაძის კანდიდატურის წარმოდგენა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. მისივე მოსაზრებით, გვენეტაძე ეროვნული ბანკის კარგი პრეზიდენტიც იქნება, თუ ამ პოზიციაზე წარმოადგენენ:

“კობა გვენეტაძეს კარგად ვიცნობ, ის საკმაოდ მაღალკვალიფიციური ეკონომისტია. ძალიან კარგად ერკვევა ეკონომიკაშიც, ფინანსებშიც. ადრე მუშაობდა მთავრობაში, საკმაოდ პრინციპული პოზიციები ეჭირა, სავალუტო ფონდთანაც მუშაობდა და ბოლოს, 10 წელია უკვე მგონი, სავალუტო ფონდთან მუშაობდა ვაშინგტონში, თუ სხვა ქვეყნებში. ძალიან კარგია, რომ მისი კანდიდატურა დადგა და ისიც დათანხმდა საბჭოს წევრობას. ასეთი კანდიდატი ბევრი არ გვაქვს და აქ არ მგონია ბევრი საფიქრალი იყოს, რადგანაც ასეთი კარგი კანდიდატი გვყავს. მე მიმაჩნია, რომ გვენეტაძე ეროვნული ბანკის ძალიან კარგი პრეზიდენტიც იქნება, თუ შემდეგში წამოაყენეს მისი კანდიდატურა ამ პოზიციაზე. მთლიანობაში, ორივე ხელით  ვუჭერ მხარს მის კანდიდატურას. ”

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული და შეფასებული 3 კანდიდატიდან დაასახელა.

მათივე ინფორმაციით,  არასამთავრობო სექტორმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია. ეს კრიტერიუმებია: პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა. შერჩევის პროცედურა ექსპერტებთან კონსულტაციებს და ქულების ელექტრონულად მინიჭების პროცესს ითვალისწინებდა.

კანდიდატების შერჩევის პროცესს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩეული კანდიდატი, კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია Galt and Taggart-ის (საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია) ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში,  ვაშინგტონში.

კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას,  ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი