ახალი ამბები

მთავრობა ჩაის პლანტაციების აღდგენას გეგმავს

12 თებერვალი, 2016 • 2517
მთავრობა ჩაის პლანტაციების აღდგენას გეგმავს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის თებერვლიდან პროგრამა “ქართული ჩაი” იწყება, რომლის მიზანი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაა.

სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის, მათ შორის ბიო ჩაის, წარმოების ზრდის ხელშეწყობა, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. პროექტისთვის 2016 წელს 3,5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სამინისტრო გეგმავს, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი გახდეს კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მიიღებენ.

კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების თანადაფინანსება იურიდიული პირებისათვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გარდა, რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების60% იქნება. ხოლო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80% სახელმწიფო დააფინანსებს.

რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პლანტაციებს, იურიდიული პირებისათვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გარდა, რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების70% დააფინანსებს სახელმწიფო. ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90% თანადაფინანასებაა გათვალისწინებული.

სამინისტროს დაპირებით, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშვებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, პროგრამის ბენეფიციარებს ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლის, სერტიფიცირების, მარკეტინგის, სარეალიზაციო არხების შექმნის და სხვა მიმართულებით ტექნიკურ დახმრებას გაუწევს.

პროგრამა „ქართული ჩაი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 15 იანვარს დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი