ახალი ამბები

პრემიერი: გავეცით გარანტიები, რომ საქართველო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს

11 თებერვალი, 2016 • 1063
პრემიერი: გავეცით გარანტიები, რომ საქართველო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს

“ჩვენ გავეცით გარანტიები, რომ საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, შეხვედრებისას, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო წინასაარჩევნო პროცესის მაღალი სტანდარტებით ჩატარებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებზე.

როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, დაცული იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებისთვის დამახასიათებელი ყველა სტანდარტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მთელს პოლიტიკურ სივრცეში გავავრცელოთ ეს განწყობა, იმისთვის, რომ ყველა მოთამაშე, რომელიც იქნება წინასაარჩევნო მინდორზე, ამ მაღალ სტანდარტებს დაექვემდებაროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებს, ამ სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით, მაღალი მოლოდინი აქვთ.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბრიუსელში ვიზიტი საჭირო და დროული იყო, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკომისია საქართველოს გულშემატკივრობს.

„ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე რეფორმების შესახებ. ჩვენ ასევე მივიტანეთ ის გზავნილი, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის წარმატებით დასრულება. ამის თაობაზე მქონდა დეტალური საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერთან და ევროკომისრებთან. ჩვენ დავტოვეთ შეგრძნება, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, სრული კურსით ხორციელდება და ამ პროცესს არავითარი შეფერხება არ შეიძლება შეექმნას“, – გაანცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი