ახალი ამბები

იან კელი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე

9 თებერვალი, 2016 • 1730
იან კელი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე

ბათუმში, 9 თებერვალს, აშშ-ის ელჩი იან კელი იმყოფებოდა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხის გახსნაზე. გაზეთ „ბათუმელების“ შეკითხვზე – რა პოზიცია ექნება აშშ-ს ვარშავაში ნატოს სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე, იან კელიმ განაცხადა:

„აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ის ფაქტი, რომ მინისტრი ხიდაშელი მიიწვიეს ნატოს მინისტრების ვახშამზე, რომელიც გაიმართება ამ კვირის ბოლოსკენ. ნატო გახლავთ კონსესუსის საფუძველზე მოქმედი ალიანსი და ნატოს წევრად ახალი ქვეყნის მიღებას სჭირდება ყველა წევრის თანხმობა; ჩვენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა მეგობრებმა უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ყველა ინსტრუმენტი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო იყოს მზად გაწევრიანებისთვის, როდესაც ამის დრო დადგება“.

„ბათუმელების“ შეკითხვას – ვარშავის სამიტზე საქართველო თუ ვერ მიიღებს MAP-ს, ხომ არ გამოიწვევს ეს ამომრჩევლის უნდობლობასა და ნიჰილისტურ დამოკიდებულებას დასავლური ღირებულების მქონე პარტიების მიმართ, აშშ-ის ელჩმა ასე უპასუხა:

„მიმაჩნია და მე ეს ადრეც მითქვამს, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ნატოს ინტეგრაციის გზაზე. საქართველოში გახსნილია ნატოს ერთობლივი წვრთნისა და განათლების ცენტრი, ნატოს ოფიცრები თანამშრომლობენ ქართველ ოფიცრებთან, ამერიკელი საზღვაო ქვეითები ქართველ სამხედროებს უტარებენ წვრთნას ავღანეთში მათი გაგზავნის წინ. მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკურად მიღებული ვარშავაში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოში იდგმება ამ მხრივ.“

მასალების გადაბეჭდვის წესი