ახალი ამბები

TI: ფარული პატრულირება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება

9 თებერვალი, 2016 • 1432
TI: ფარული პატრულირება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება

საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ ფარული პატრულირების შემღება, რასაც  საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას.

წარმოდგენილი ცვლილებებით, პოლიციას შეეძლება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარ ნიშნების არმქონე პოლიციის კუთვნილ ავტომანქანაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა.

მოქმედი კანონის თანახმად კი,  დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ ეს ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს და შეიცავს შს სამინისტროს მიერ უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკს:

კონსტიტუციასთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუსაბაობა

ფარული ფოტო და ვიდეოგადაღება არის ოპერატიული მოქმედებების ფორმა და ადამიანის პირად ცხოვრებაში ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენს. პირადი ცხოვრება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლებით. საქართველოს კონსტიტიციის მე-20 მუხლი პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის მხოლოდ ორ შემთხვევას ითვალისწინებს – სასამართლო გადაწყვეტილებას და კანონით გათვალისწინებულ გადაუდებელ აუცილებლობას.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ფარული ვიდეო და აუდიოგადაღება ერთადერთ შემთხვევაში არის დაშვებული – მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა გამოძების დროს.

ფარული ვიდეო და აუდიოთვალთვალის სტანდარტი განსაკუთრებით გაიზარდა 2014 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული რეფორმის შედეგად.  ფარული ვიდეო და აუდიოგადაღება აიკრძალა დანაშაულის პრევენციისა და სამართალდაცვითი მიზნებისათვის გამოძიების დაწყების გარეშე,  განისაზღვრა პირთა წრე და დანაშაულთა კატეგორია, რა შემთხვევაშიც დაშვებულია ფარული თვალთვალი.

მიუხედავად იმისა, თუ რა მიზანს ემსახურება ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა (დანაშაულის გახსნა, ქვეყნის უშიშროების და მართლწესრიგის დაცვა და სხვ.), მისი განხორციელების წესი უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დადგენილ სტანდარტს. შესაბამისად, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზანი არ ამართლებს ფარული ვიდეო და აუდიოგადაღების წარმოებას.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის დარღვევა

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესს არეგულირებს საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”. აღნიშნული კ ანონი  მონაცემთა დაცვის იმ პრინციპებს ითვალისწინებს, რომელთა დარღვევა მონაცემთა დამამუშავებელი სუბიექტის პასუხისმგებლობის საფუძველია. კანონის მე-4 მუხლის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი პრინციპია „მონაცემთა დამუშავება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი.”

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფარული ვიდეო და აუდიოგადაღება ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტს, ვინაიდან ამ გზით ხდება პირის პირად ცხოვრებაში ინტენსიური ჩარევა და მისი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა.

კანონქვემდებარე აქტით საკითხის დარეგულირება

კანონპროექტის ერთ-ერთი პრობლემური საკითხია ფარული პატრულირების წესის რეგულირება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. კანონპროექტის მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, “მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული, ფოტო/ვიდეოტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების წესი.“.

კანონი არ ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ამოსაცნობი ნიშნის გარეშე კამერის ჩართვის ინტენსივობა, კერძოდ, მუდმივად ჩართული იქნება, თუ  მას ჩართავენ მხოლოდ სამართალდარღვევის დაფიქსირების პროცესში; არ არის განმარტებული, თუ რას გულისხმობს პოლიციის სარგებლობაში არსებული მანქანა, კერძოდ,  მას მხოლოდ პოლიცია მართავს, თუ შესაძლებელია სამოქალაქო პირებს ხელშეკრულებით საფუძველზე მიანიჭოთ ეს ფუნქცია (მათ ავტომობილებზე დაამაგრონ კამერები). კანონპროექტის თანახმად, ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მინისტრის ბრძანებით უნდა დარეგულირდეს. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხები.

ფარული პატრულირება უშუალოდ შემხებლობაშია ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებასთან, შესაბამისად, მისი განხორციელების წესი მხოლოდ კანონით უნდა განისაზღვროს.

ფარულ პატრულირებასთან დაკავშირებული რისკები

ფარული ვიდეო და აუდიოგადაღებით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გარდა, შესაძლებელია მოგროვდეს ინფორმაცია პირის გადაადგილების, სოციალური ჩვევების, პირადი და საქმიანი კონტაქტების შესახებ.

სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი, რომ საჯარო სივრცეში განთავსებულ კამერას (გზებზე, სავაჭრო ობიექტებსა თუ დაწესებულებებში და აშ) უნდა ახლდეს გამაფრთხლებელი ნიშანი. საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და მოქმედი კანონი „პოლიციის შესახებ” ხაზს უსვამს, რომ ეს ნიშანი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.  ვიდეო და აუდიოგადაღების შესახებ გაფრთხილება პირს შესაძლებლობას აძლევს აკონტროლოს  ქცევა და, შესაბამისად, იმ პირადი ინფორმაციის მოცულობა, რომელიც სხვისთვის ხდება ცნობილი და ელექტრონულ მატერიალურ მატარებელზე დაფიქსრებული.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერებით მოპოვებული ინფორმაციის განადგურების სპეციალური რეჟიმი (სსსკ. მუხლი 143 (8). „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონით კი უზრუნველყოფილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მოპოვებული ინფორმაციის განადგურების  სპეციალური კომისიის შექმნა. განადგურების სპეციალური რეჟიმის მიზანი პირადი ცხოვრების უფლების დაცვაა. შემოთავაზებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფარული პატრულირების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების წესისა და ვადების რეგულირებას, რაც პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დარღვევის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.

ფარული პატრულირება  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკს შეიცავს. ამ გზით მოგროვილი ინფორმაცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხებასთან ერთად, შესაძლოა, ასევე  შეეხებოდეს პირის პირად და საქმიან ინფორმაციას.

სწორედ ამ რისკებისგან დაზღვევის მიზნით და კონსტიტუციის მე-20 მუხლის შესაბამისად, კანომდებლობა განსაკუთრებით მკაცრ წესებს ადგენს ფარული ვიდეო და აუდიოგადაღებისათვის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფარული პატრულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შეიცავს უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკებს. პერსონალურ მონაცემთა ამ ხერხით დამუშავება საგზაო უსაფრთხებისათვის არ არის მიზნის პროპორციული,”- აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი