ახალი ამბები

კალაძე: “ფრონტერას” ინფორმაციის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო

6 თებერვალი, 2016 • 1970
კალაძე: “ფრონტერას” ინფორმაციის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო

“შეიძლება მიწის ქვეშ გარკვეული მარაგები იყოს, თუმცა ამის დასამტკიცებლად საჭიროა მილიარდობით ინვესტიციის განხორციელება. დამტკიცების შემთხვევაში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და, ასე ვთქვათ, სწორი იქნება ფინანსურად, კომერციულად, ბიზნესის თვალსაზრისით ამ გაზის ამოღება,” – ეს განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გააკეთა.

მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე მოვლენები განიხილა.

როგორც კალაძე აცხადებს, ამ დროისათვის სამინისტროს კომპანიისაგან კახეთში ახალი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადება  არ მიუღია:

“თქვენ იცით, რომ “ფრონტერა” 20 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოში და მათ მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, ამ სამუშაოების განხორციელებაზე არანაირი წინადადება არ არის,” – ამბობს კალაძე.

კომპანის “ფრონტერა” აცხადებს, რომ კახეთში გაზის მარაგი 3.8 ტრილიონი კუბური მეტრია.

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია “ფრონტერა” 1996 წელს დაარსდა და საქართველოში საქმიანობა 1997 წლიდან დაიწყო. ის აწარმოებს კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, XII სალიცენზიო ბლოკზე, რისთვისაც საქართველოში დააფუძნა ოპერატორი კომპანია შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი