ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში “იდენტობის” გარშემო შექმნილმა ვითარებამ ორგანიზაცია გარკვეულწილად დააზარალა. ორგანიზაციამ ამის გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა.
“იდენტობის” რამდენიმე მოქმედმა და ყოფილ თანამშრომელმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ვაჭარაძის წინააღმდეგ. პროკურატურამ საჩივარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნა. ამ უწყებამ 3 იანვარს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით [სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში, ან გამგებლობაში, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე].
საგამოძიებო უწყების პრესსამსახურმა 5 თებერვალს ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ჯერჯერობით არავინ დაუკითხავთ.
“იდენტობამ”, რომელსაც 3 თებერვლიდან ახალი აღმასრულებელი დირექტორი [მარიამ დარჩიევი] ჰყავს, აუდიტის ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა.
ორგანიზაციის მიერ 5 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აუდიტი ორგანიზაციის 2015 წლის საქმიანობის სრულ ფინანსურ და ორგანიზაციულ საქმიანობას შეისწავლის, ხოლო მისი შედეგების მიმართ სრული ნდობის უზრუნველსაყოფად ორგანიზაციამ მოიწვია საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები:
“აუდიტის შედეგების მიმართ სრული ნდობის უზრუნველსაყოფად, ორგანიზაციამ მოიწვია საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები, მათ შორის ე.წ. დიდი ოთხეულის წარმომადგენლები საქართველოში”.
“იდენტობა” აცხადებს, რომ გამჭვირვალობის მიზნით გასაჯაროვდება აუდიტის დასკვნა მოქალაქეებისთვის და მას ასევე მიაწვდიან ყველა დონორს.
“იდენტობა” დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სრულყოფილ მუშაობას. შესაბამისად, ორგანიზაციის გარშემო შექმნილი ვითარება არ იმოქმედებს “იდენტობის” ბენეფიციარებზე, სასამართლო პროცესებსა და ორგანიზაციაში დაგეგმილ აქტივობებზე”, – აცხადებს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის განცხადებით, ირაკლი ვაჭარაძე 2016 წლის 18 იანვრიდან, მისივე გადაწყვეტილებით, აღარ არის “იდენტობის” აღმასრულებელი დირექტორი.