ახალი ამბები

შტაინმაიერი: საქართველოში იყო წინსვლა კონფლიქტის მხარეებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით

5 თებერვალი, 2016 • 1454
შტაინმაიერი: საქართველოში იყო წინსვლა კონფლიქტის მხარეებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ინტერვიუ ეუთოში გერმანიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. ინტერვიუ საქართველოში გერმანიის საელჩომ მოგვაწოდა და მის შექმნაში “ნეტგაზეთს” მონაწილეობა არ მიუღია:

გერმანია 2016 წელს ეუთოს თავმჯდომარეობას იბარებს. რა იქნება მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენი პრიორიტეტები?

ცივი ომის დამთავრების შემდეგ ალბათ ყველაზე უფრო სერიოზული საშიშროების წინაშე ვდგავართ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით. ამ მძიმე პერიოდში სრულიად გათვითცნობიერებულად ვიბარებთ ეუთოს თავმჯდომარეობას და ამით პასუხისმგებლობას ევროპაზე.
ჩვენი თავმჯდომარეობის დევიზს წარმოადგენს „დიალოგის განახლება, ნდობის აღდგენა, უსაფრთხოების დაბრუნება“ და ამისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში ნდობის დაკარგვის პროცესი შეიმჩნეოდა. ნდობის აღდგენა ძნელია, მაგრამ უალტერნატივო! მინდა, მომავალი თაობებისათვის შეგვეძლოს თქმა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ჩვენ კონტინენტზე.

კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში აგერ უკვე ორი წელია გრძელდება. რა როლი შეიძლება ითამაშოს მომავალში იქ ეუთომ? არის თუ არა დაგეგმილი საგანგებო სადამკვირვებლო მისიის (SMM) გაფართოება?

2014 წლიდან მოვლენების განვითარებამ უკრაინაში დაგვანახა, რამდენად აუცილებელია ეუთო ევროპის უსაფრთხოებისათვის: სადამკვირვებლო მისიის გარეშე სამხედრო დეესკალაციისა და შეიარაღების გაყვანის საკითხში (ბევრი წარუმატებლობის მიუხედავად) ასეთი წინსვლა არ გვექნებოდა. იმისათვის, რომ დამკვირვებლებმა მომავალშიც გააგრძელონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმიანობა, ახლა სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები მანდატის გაგრძელებისა და მისიის ბიუჯეტის შესახებ.
უკვე ახლა შეიძლება ითქვას, რომ სადამკვირვებლო მისიის აქამდე არსებულმა მანდატმა გამოცდას გაუძლო. მან მისიას მისცა ყველა შესაძლებლობა, რაც საჭირო იყო ამოცანების განხორციელებისათვის. დამკვირვებლებს ჰქონდათ ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე და ახალ გამოწვევებზე მოქნილად რეაგირების საშუალება. ამიტომ მანდატის გაგრძელების მომხრეები ვართ.

როგორ აპირებთ ეუთოს თავმჯდომარეობისას იმოქმედოთ დნესტრისპირეთში, მთიან ყარაბაღსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტების მოსაგვარებლად?

მართალი გითხრათ, არ მინდა იმას შევეგუო, რომ ეს კონფლიქტები გარკვეული ფატალიზმით „გაყინულ კონფლიქტებად“ მოიხსენიება: ამ კონფლიქტების გამო წლიდან წლამდე ადამიანები იტანჯებიან, შესაბამისი რეგიონები არ ვითარდება. ჩვენ გვინდა პატარა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯებით მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმებების სტაბილიზაციას, მეტი ნდობის შექმნას და ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისათვის ყოველდღიური ცხოვრების შემსუბუქებას, მაგალითად გაუმჯობესებული ეკონომიკური ურთიერთობების წყალობით.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში შეიარაღებული შეტაკებები საკონტაქტო ხაზის გასწვრივ და სომხეთსა და აზერაბიჯანის საზღვართან ძალიან გვაღელვებს.

გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოლაპარაკებები ეუთოს ეგრეთ წოდებული მინსკის ჯგუფის ფარგლებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ შემთხვევაში იქნებოდა მექანიზმის შექმნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმებების დარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად.

დნესტრისპირეთში გვინდა მივაღწიოთ კონფლიქტის ისეთ ფართომასშტაბიან მოგვარებას, რომელიც ემყარება მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – დნესტრისპირეთის განსაკუთრებული სტატუსით.

საქართველოშიც მძიმე ამოსავალი სიტუაცია გვაქვს. მაგრამ აქ ბოლო დროს მაინც გვქონდა წინსვლა კონფლიქტის მხარეებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით. გვინდა, შევინარჩუნოთ ეს დინამიკა და მას ხელი შევუწყოთ ნდობის აღმდგენი და ჰუმანიტარული ღონისძიებებით.

როგორ შეუძლია ეუთოს ხელი შეუწყოს ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას? რა უპირატესობა აქვს ეუთოს სხვა საერთაშორისო მოთამაშეებთან შედარებით?

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პროცესმა ერთი რამ გვასწავლა: სწორედ, როდესაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ღრმა უნდობლობა სუფევს და ერთმანეთთან საუბრის მზაობაც კლებულობს, არ უნდა დავუშვათ მონაწილე სახელმწიფოებს შორის დიალოგის შეწყვეტა. ის ფაქტი, რომ ეუთო ამასობაში უსაფრთხოების ყველაზე დიდ რეგიონალურ ორგანიზაციად იქცა, გვიჩვენებს, როგორი დროულია ეს მიდგომა.

მნიშვნელოვანია ასევე ერთი რამ: ეუთოს გარეშე მინსკის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში ნებისმიერი წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა. სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მისი გადამწყვეტი როლის წყალობით სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში ეუთომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ უკრაინის კონფლიქტის პოლიტიკური გადაჭრის პროცესი დაწყებულიყო. ამან ორგანიზაცია თითქოს „მძინარე მზეთუნახავის ძილიდან“ გამოიყვანა და დააბრუნა ის საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის სცენაზე, და ეს დაბრუნება, ჩემის აზრით, ზუსტადაც რომ დროული იყო.

როგორ რეაგირებს ეუთო საერთაშორისო ტერორიზმის მზარდ საფრთხეებზე?

საშინელმა ტერორისტულმა აქტმა სტამბოლის ცენტრში და ტერორისტულმა თავდასხმებმა გასულ წელს, მათ შორის პარიზსა და ბეირუთში, მტკივნეულად დაგვანახა, რომ ტერორიზმის საფრთხე ყველგან არსებობს. ნათელია, რომ ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება ამ საფრთხეს. ამიტომ მომდევნო წლებში ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეუთოს 57 წევრი ქვეყნის უნარი ტერორისტულ საფრთხეებთან გასამკლავებლად. შვეიცარიამ და სერბეთმა ეუთოს თავმჯდომარეობისას ამ კუთხით უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს. ეს სამუშაო გვინდა გავაგრძელოთ, მათ შორის ზაფხულში ბერლინში საერთაშორისო ანტიტერორისტული კონფერენციის ჩატარებით.

როგორ შეუძლიათ ეუთოს წევრ ქვეყნებს რეაგირება მოახდინონ ლტოლვილთა კრიზისზე?

ლტოლვილების კრიზისი ნათლად გვიჩვენებს, რომ აქ ეროვნული მიდგომებით წინსვლა არ გვექნება. რაც არ უნდა ძნელი იყოს ევროპის ფარგლებს შიგნით შეთანხმების მიღწევა, მაინც უნდა გავაგრძელოთ ერთობლივი გამოსავლის ძიება. ეუთოს შიგნით გვაერთიანებს ერთი ინტერესი: ვებრძოლოთ ლტოლვილობის მიზეზებს და გავაუმჯობესოთ საზღვრის მართვა ეუთოს ქვეყნების ფარგლებში. ამას მივაქცევთ წელს დიდ ყურადღებას.

ამასთან დაკავშირებით გრძელვადიან პერსპექტივაში ასევე საზოგადოებაში ინტეგრაციის დიდი ამოცანის წინაშე ვდგავართ. ამიტომ სწორედ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კატეგორიულად შევეწინააღმდეგოთ ეუთოს ფარგლებში შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას და ქსენოფობიას. გერმანიის თავმჯდომარეობისას, ისტორიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარეც, ამ თემებს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ.

რა როლს ითამაშებს ადამიანის უფლებების დაცვა და ძირითადი თავისუფლებები ეუთოში გერმანული თავმჯდომარეობის დროს?

ბრძოლა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დასაცავად ჩვენს დღის წესრიგში ყველაზე მაღლა დგას. ჩვენ ძალებს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ არსებული ვალდებულებები შესრულებულ იქნეს ეუთოს ყველა ქვეყნის მიერ და რა თქმა უნდა გერმანიის მიერაც.

კარგი მმართველობა ასევე რჩება მდგრადი ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვან კრიტერიუმად და ეს ყოველივე გადამწყვეტია ნდობის შესაქმნელად. ამიტომ გვინდა მაისში ბერლინში დაგეგმილ ეკონომიკურ კონფერენციაზე ვესაუბროთ ფირმებს და მათგან მოვისმინოთ, თუ როგორ შეიძლება ეუთოს ფარგლებში მდგრადად გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები. ამით ხომ საბოლოო ჯამში ჩვენ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სარგებელს ვნახავთ.

ერთი წლის მერე რომ გადახედავთ ეუთოში გერმანულ თავმჯდომარეობას, როგორი უნდა იყოს თქვენთვის წარმატებული წელი ამ თავმჯდომარეობის ფარგლებში?

ჩვენ დეკემბერში ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვდებით ჰამბურგში და შევაჯამებთ ჩვენი თავმჯდომარეობის წელს. ვისურვებდი, რომ გამოგვივიდეს და ეუთოს ფარგლებში დავუბრუნდეთ კონსტრუქციულ მუშაობას. ჩვენ უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ, ვიდრე მხოლოდ სტატუს კვოს მართვა!

გარდა ამისა ჩვენი თავმჯდომარეობისას ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ კონსენსუსს ორგანიზაციის შიგნით. ერთი რამ ნათელია: იქ, სადაც უნდა იქნეს მიღწეული კონსენსუსი, აუცილებლად საჭიროა წევრი სახელმწიფოების მზადყოფნა კომპრომისებისათვის. თუ ყველა წევრი სახელმწიფო ამ საკითხში თავის წვლილს შეიტანს, მაშინ ეს ჩვენთვის ყველასთვის წარმატება იქნება.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერ. 19.09.2012 Copyright: Thomas Imo/ photothek.net

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერ. 19.09.2012 Copyright: Thomas Imo/ photothek.net

მასალების გადაბეჭდვის წესი