ახალი ამბებიეკონომიკა

პრეზიდენტი პრემიერის 4 ინიციატივას ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს

3 თებერვალი, 2016 • 1104
პრეზიდენტი პრემიერის 4 ინიციატივას ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია და მიესალმება პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას.

ესენია: სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებულ რეფორმები, მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბიზნესის ჩართულობა და, შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა, აქცენტი რეგიონულ განვითარებასა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე და განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების საჭიროება.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილა საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები როგორც ჩინეთთან, ასევე, შეერთებულ შტატებთან, რაც მრავალ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოს გააქტიურებას საჭიროებს.

პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე სრულად არ არის გამოყენებული ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, უნდა დადგინდეს საქართველოს შედარებითი უპირატესობები ევროპის ქვეყნებთან და მისი სავაჭრო პარტნიორების მიმართ, გამოიკვეთოს კონკურენტუნარიანი დარგები.

პრეზიდენტის აზრით, ქვეყნის ულევი რესურსი ქვეყნის უნიკალურ გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ პოტენციალშია.

„ტრანზიტული, ენერგეტიკული, ტურიზმის, სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი ბუნებისგან გვაქვს ბოძებული, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის მოვიცლით. აუცილებელია მეტი ინფრასტრუქტურული ინიციატივა და ლოჯისტიკურ პროექტებში საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტების აქტიური ჩართვა, ლოჯისტიკური და სასაწყობე კომპანიების მეტი ხელშეწყობა ამ მიმართულებით ჩვენ მზარდი პოტენციალი გაგვაჩნია – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, TANAP, TAP, აბრეშუმის გზა, ტრანსრეგიონული თანამშრომლობის ისეთი პროექტები, როგორიცაა ტრანსკასპიური გაზსადენი და “ლაპის ლაზურის”სატრანპორტო პროექტები – უმნიშვნელოვანესი და მაქსიმალურად ასათვისებელი პოტენციალია. ამ შესაძლებლობებს ემატება რეგიონში ირანის ახალი ეკონომიკური პერსპექტივის გახსნა სპარსეთის ყურისა და ევროპის თანამშრომლობისათვის. ამ ინიციატივების რეალიზაციაშიც საქართველოს საკვანძო როლი ენიჭება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა ასევე გულისხმობს სოფლის მეურნეობის წახალისებას მისი ბიზნესად ჩამოყალიბების მიმართულებით. მნიშვნელოვანია ურბანიზაციის ჯანსაღი პროცესის სტიმულირება, მიწის ბაზრის სწორი განვითარება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი