ახალი ამბები

მურუსიძე: კონკურსში მონაწილე ვერც ერთი პირი მოკვლევის დასრულებამდე მოსამართლედ ვერ დაინიშნება

3 თებერვალი, 2016 • 1216
მურუსიძე: კონკურსში მონაწილე ვერც ერთი პირი მოკვლევის დასრულებამდე მოსამართლედ ვერ დაინიშნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, ისინი, ვინც ბოლო საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს, სასამართლოში მოკვლევის დასრულებამდე მოსამართლეებად ვერ დაინიშნებიან.

“ის კონკურსანტები, რომლებიც ბოლო გამოცდაზე გავიდნენ, არიან ათეულობით, ამას სჭირდება შემოწმება. 1 და 2 ფაქტზე ხომ არ არის საუბარი. შეჩერებული არის ყველა პროცესი, რომ ბოლო გამოცდაზე გასული ადამიანები უახლოესი თვეების კი არა, სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, ფიზიკურად და თეორიულად სასამართლო სისტემაში ვერ მოხვდებიან,” – განაცხადა მურუსიძემ.

ლევან მურუსიძის განცხადებით, იმ ადამიანებმა, რომელთაც გამოცდა ჩააბარეს, მათ ჯერ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში უნდა ჩააბარონ და რამდენიმეთვიანი კურსი გაიარონ, ამიტომაც სისტემაში ჯერ ვერ დაინიშნებიან.

“იმის პრობლემაც არ არის, თუ რამე გამოიკვეთება, ეს მასალები პროკურატურაში გადაიგზავნოს და არც ერთი საბჭოს წევრი არ აპირებს იმას, რომ არ ითანამშრომლოს, ან რამე დამალოს. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესები. იმის თეორიული საშიშროება, რომ ვინმე, რომელმაც გამოცდა ჩააბარა და გადაწერა, ან ტესტები გაიჟონა, სასამართლო სისტემაში მოხვდეს, ალბათობა არის ამ ეტაპზე ნულის ტოლი,”- ამტკიცებს მურუსიძე.

მურუსიძის თქმით, ხელის დაფარებას არავისზე არ აპირებენ.

“პირადად მე ვკურირებ აღნიშნულ საკითხს. აბსოლუტურად მერწმუნეთ, პრობლემა არ არის არაფერი, ყველაფერი გახდება საჯარო და არაფერი სასამართლო სისტემას აღნიშნული კუთხით არ დაემუქრება,”- ამბობს ის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტის წინასწარი გამჟღავნების ფაქტზე ისაუბრა.

იუსტიციის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ იგი ამ საკითხზე მოკლევას დიდი ხანია აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი