ახალი ამბები

გიორგი გაჩეჩილაძე “მაესტროს” 55%-იან წილს ფლობს

1 თებერვალი, 2016 • 1387
გიორგი გაჩეჩილაძე “მაესტროს” 55%-იან წილს ფლობს

საჯარო რეესტრის მიხედვით, გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია მაესტროს 30%-იანი წილი შეიძინა. საბოლოოდ იგი კომპანიის 55%-ს ფლობს.

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტების მიხედვით, ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ, რომლებიც შპს “სტუდია მაესტროს” წილის 15-15%-ს ფლობდნენ, გიორგი გაჩეჩილაძის წარმომადგენელ ლევან გაჩეჩილაძეს საკუთარი წილები მიჰყიდეს.

ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს შორის 2016 წლის 21 იანვარს გაფორმდა. თანხა, რომელიც მათი შეთანხმების თანახმად კონფიდენციაურად რჩება, უკვე გადახდილია.

ნოტარიული აქტის მიხედვით, 2016 წლის 15 იანვარს მეწილეებმა წერილობით მიმართეს კომპანიის სხვა მეწეილეებს, რომ ესარგებლათ უპირატესი შესყიდვის უფლებით და ეყიდათ წილები, თუმცა კომპანიის სხვა მეწილეებს ინტერესი არ გამოუხატავთ.

გიორგი გაჩეჩილაძეს სტუდია მაესტორში უკვე ჰქონდა წილის 25%. ახლა მისი წილი 55%-მდე გაიზარდა. კომპანიის სხვა მეწილეები, 2016 წლის 8 იანვრის მდგომარეობით, არიან მაკა ასათიანი (25%), მამუკა ღლონტი (15%) და ეკატერინე აკობია (5%).

საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი გაჩეჩილაძემ 2015 წლის 21 დეკემბერს ირაკლი კორძახიასა და ნანა ჭკუასელს ერთი წლით მინდობილობა გადასცა.
რწმუნებულებს უფლება აქვთ მართონ კუთვნილი წილი “სტუდია მაესტროს” კაპიტალში, მონაწილეობა მიიღონ “სტუდია მაესტროს” კრებაში ხმის უფლებით, დაიცვან მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იყვნენ მისი წარმომადგენელი სასამართლოში.

აღნიშნულ საკითხზე საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოება დაწყებულია, თუმცა ჯერ არ დასრულებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი