ახალი ამბები

ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

30 იანვარი, 2016 •
ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სხვადასხვა დანაშაულებისთვის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ალექსანდრე დ., მარიამ ბ. და გიორგი ჩ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში არსებულ სხვადასხვა ობიექტებში სისტემატიურად ასაღებდნენ მათ მიერ კუსტარული წესით დამზადებულ ერთი და იმავე სერიული ნომრის მქონე ყალბ 20-ლარიან კუპიურებს. გამოძიების ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ დაკავებულებმა ჯგუფურად, 222 ცალი ყალბი 20-ლარიანი კუპიურა გაასაღეს. ასევე, ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი კუპიურების დასამზადებელი ტექნიკური აღჭურვილობა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი