ახალი ამბები

არჩევნები გარდაბანში – ISFED-მა ხმის მიცემის პროცესი შეაფასა

28 იანვარი, 2016 • 1418
არჩევნები გარდაბანში – ISFED-მა ხმის მიცემის პროცესი შეაფასა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დამკვირვებლები 2016 წლის 28 იანვარს გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდებოდნენ.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების გახსნის, კენჭისყრის და დახურვის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. როგორც ISFED აცხადებს, გამონაკლისი იყო რამოდენიმე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ადგილი ჰქონდა დაპირისპირების შემთხვევებს. მათი ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა პროცედურული ხასიათის დარღვევები.

საარჩევნო უბნის გარეთ მომხდარი დაპირისპირების ფაქტები

#2-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა დაუდგენელ პირებს შორის. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა  უბანთან მყოფ ავტომანქანას ქვა ესროლა და სცადა ჟურნალისტების ტელეკამერის დაზიანება. სიტუაცია განიმუხტა მას შემდეგ, რაც პოლიციამ აგრესიულად განწყობილი პირები გაიყვანა უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან;

#4-ე  საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა  დაუდგენელ პირებს შორის. სიტუაცია უბანთან მყოფი პირების ჩარევის შედეგად განიმუხტა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების დროს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია არ გამოჩენილა;

პროცედურული დარღვევები

#31-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები – „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“, სააგენტო „ALLMEDIA“ „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი“, „ანტიკოროფციული მედიაცენტრი“, „თავისუფალი ზონა“, ითავსებენ კომისიის წევრების ფუნქციებს. კერძოდ, მიუთითებენ ამომრჩევლებს, რომელ კაბინაში შესულიყვნენ და ა.შ.

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განლაგებულ #64-ე სპეცუბანზე დაფიქსირდა 3 შემთხვევა, როდესაც რეგისტრატორებმა ამომრჩევლებს ხელი სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ მოაწერინეს, რაზეც კომისიის წევრებმა ახსნა-განმარტებები დაწერეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა 2 შენიშვნა შეიტანა ჩანაწერთა წიგნში;

#31-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა 3 შემთხვევა, როდესაც რეგისტრატორმა ამომრჩეველს გრაფაში ხელი არ მოაწერინა, ხოლო ერთ შემთხვევაში არც რეგისტრატორმა და არც ამომრჩეველმა არ მოაწერეს ხელი შესაბამის გრაფებში. ამ ფაქტთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაიწერა საჩივარი როგორც საუბნო, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიაში;

საყურადღებო ფაქტები

დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან პირბადეებით და ქუდებით შემოსილი პირების ორგანიზებული გადაადგილების თაობაზე. აღნიშნული ფაქტი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა  #59-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. გარემოება საყურადღებოა იქიდან გამომდინარე, რომ იქმნებოდა შთაბეჭიდლება, რომ აღნიშნული პირები, რომლებიც საკუთარ ვინაობას შეგნებულად ნიღბავდნენ, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის კონტროლს ცდილობდნენ(ორგანიზაციას დაფიქსირებული აქვს ერთ-ერთი ავტომობილის სახელმწიფო ნომერი).

გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო “ქართული ოცნებიდან” გოჩა ჯამარაული. რიგგარეშე არჩევნებს გარდაბანში 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 625 დამკვირვებელი, 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 8 დამკვირვებელი და 11 მედიაორგანიზაციის 166 წარმომადგენელი აკვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი