ახალი ამბები

ხიდაშელი ნუკრი ქანთარიაზე: საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ

27 იანვარი, 2016 • 1226
ხიდაშელი ნუკრი ქანთარიაზე: საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს სერგეი ლავროვთან შესახვედრად საკმარისი გამოცდილება არ აქვს.

“მე ვფიქრობ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს საქართველოს იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელსაც ნუკრი ქანთარია ეკუთვნის. თუ მას რაიმე კითხვები ჰქონდა პაპუნა ჯანელიძესთან დაკავშირებით, ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს პარლამენტში, როდესაც ჩვენ ვიყავით გასულ წელს. ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა და ძალიან ვწუხვარ, რომ ის ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს საკუთარი ქვეყნის ძალიან პროფესიონალ, ახალგაზრდა, ენთუზიასტ, ძალიან გამოცდილ დიპლომატთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იქ,  იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება. საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ,”- განაცხადა თინა ხიდშელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას ეჭვი ეპარება, “რამდენად წონიანი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თუ  თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება”. ამის შესახებ ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“შეხვედრა, ვფიქრობ, აუცილებელია, მაგრამ ერთი-ერთზე რამდენად იქნება წონიანი ბატონი ჯანელიძე, რომელიც ძალიან ნიჭიერი კაცია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ასეთ დროს სჭირდება ლავროვთან ერთი-ერთზე დაჯდომას. ამიტომ შესაძლებელია… რაღაც შეხვედრებზე ალბათ უნდა ვიფიქროთ, მაგრამ საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულები”, – თქვა ქანთარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი