ახალი ამბები

„დელტას“ განცხადებით, საუდის არაბეთს 100-მდე სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანას მიაწვდის

26 იანვარი, 2016 • 1976
„დელტას“ განცხადებით, საუდის არაბეთს 100-მდე სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანას მიაწვდის

„დელტას“ განცხადებით, საუდის არაბეთს 100-მდე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას მიაწვდის, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიონამდე ლარია. ამავე ინფორმაციის მიხედვით, საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმქანების შესყიდვას ითვალისწინებს.

“დელტას” მიერ დამზადებული 4X4 სავალი ნაწილის ფორმულის მქონე ჯავშანმანქანა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში 2014 წლის 27 აგვისტოს გაიგზავნა. მანქანის ტესტირებები კი 1-დან 19 სექტემბრამდე გაგრძელდა.
საველე ტესტირებებისას ადგილობრივი მძღოლ-მექანიკოსების მიერ მანქანა სხვადასხვა რელიეფის პირობებში გამოიცადა – მათ შორის: მანევრირება მაღალ და დაბალ სიჩქარეებზე, მუხრუჭების, აჩქარების, მაქსიმალური სიჩქარის ტესტი, გამავლობის შემოწმება მაღალმთიან და უდაბნოს პირობებში, ძრავისა და სავალი ნაწილების მაქსიმალური დატვირთვის შემოწმება 40-კილომეტრიანი გარბენის პირობებში ზღვრულ სიჩქარეებზე.

სულ ტესტირებაში მონაწილეობდა სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა – როგორებიცაა: Oshkosh, Streit Group, AIG, Steyr, Lenco bearcat.

ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ წარმატებით გაიარა ტესტირების ყველა ეტაპი და გავიდა ფინალში ამერიკულ კომპანია LENCO-სთან ერთად. თუმცა ქართულმა ჯავშანმანქანამ ყველა ტექნიკური პარამეტრით უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მისმა ამერიკელმა კონკურენტმა. ტესტირებების დასრულების შემდეგ, თვეების განმავლობაში სატენდერო კომისიაში მიმდინარეობდა მიღებული შედეგების შეჯამება და ანალიზი.

2015 წლის დასაწყისში კომისიის მიერ სსსტც ,,დელტას“ წარედგინა კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნილებები, რის შედეგადაც „დელტამ“ დაამზადა კონკრეტულ მოთხოვნებზე და პირობებზე მორგებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის პროტოტიპი.

2015 წლის მარტის თვეში დელტას ეწვია საუდის არაბეთის ოფიციალური დელეგაცია, რა დროსაც მათ შეაფასეს დელტას საწარმოო ბაზა და დაათვალიერეს მათი მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირებული უახლესი სამედიცინო ჯავშანმანქანა( ვიზიტის დროს აგრეთვე ჩატარდა სამედიცინო ჯავშანმანქანის ჯავშნის სადემონსტრაციო ჩვენება).

2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით საუდის არაბეთთან გაფორმებულია ხელშეკრულება ასზე მეტი ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე, რომელთა საერთო ღირებულება ას მილიონამდე ლარია. კონტრაქტის წარმატებით დასრულების შემდეგ  სსიპ სსსტც „დელტა“ კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას საუდის არაბეთის სამეფოს სახმელეთო ძალებთან და მიაწოდებს სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ასეულ ჯავშანმანქანას. ჯავშანტექნიკის პირველი პარტია 12 მანქანის რაოდენობით საუდის არაბეთში 30 იანვარს გაიგზავნება”, – აცხადებენ “დელტაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი