ახალი ამბებიეკონომიკა

ქადაგიძე: გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსის სტაბილიზაცია მოხდება

26 იანვარი, 2016 • 1145
ქადაგიძე: გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსის სტაბილიზაცია მოხდება

ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომლებიც ბაზრის მონაწილეებს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გაუჩნდათ. ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გააკეთა დღეს, 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე. მან ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა:

“2015 წლისაგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე საგადამხდელო ბალანსი გავლენას არ ახდენს. უფრო მარტივად, კურსის 2.4 კორიდორში იმპორტი უკვე იმ დოზით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადები დაბალნსებულია.

მეორე ფაქტორი გახლავთ ფულის მასა. მოგეხსენებათ, რომ ფულის მასა მაქსიმალურად შევზღუდეთ. ფულის მასის ზრდა ნულთან ახლოსაა. შესაბამისად, არც მონეტარული აგრეგატები ახდენს გავლენას ლარის კურსზე გავლენას გაუფასურების მიმართულებით.

ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენეციებს. გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსის სტაბილიზაცია მოხდება და ლარი აღნიშნული კორიდორს [2.4] დაუბრუნდება.

იმ შემთხვევაში, თუ ლარის გაუფაუსრებაზე ზეწოლა გაგრძელდა, ჩვენ მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას არ გამოვრიცხავთ. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანხმობა მთავრობასთან, რომ საჭიროების შემთხვევაში ფისკალური კონსოლიდაცია მოხდება.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უებარი რეცეპტი არ გახლავთ, მას სხვა ბევრი უარყოფითი მხარე აქვს- ეკონომიკური ზრდის შემცირება, მათ შორის ბრუნვების შემცირება, კერძო სექტორში აქტივობის შემცირება.

ამ პრობლემის საფუძვლიანი გადაჭრა და ჩვენი მოსახლოების შემოსვალების გაზრდა პირდაპირაა დაკავშირებული ინვესტიციების ზრდასთან, ექსპორტის ზრდასთან და ტურიზმის შემოსავლების ზრდასთან. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანი მსჯელობა გაიმართოს. ვფიქრობ, პარლამენტის ტრიბუნა ამისათვის ძალიან სწორი და ადეკვატური ადგილია”, – განაცხადა ქადაგიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი