ირაკლი ჩიქოვანი, თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი
პრეზიდენტის გამოსვლაში პოზიტიური, შეიძლება ითქვას, არის ის, რომ მან რეალურად აღიქვა, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი დარგი, მაგრამ ის შემოთავაზება, რაც მან დღეს გააკეთა, არის რეალურად დაგვიანებული, და რეალურად ამ გეგმების შესრულება 7 წლის წინ უნდა დაწყებულიყო.
ამის საპირისპიროდ, ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, ჩვენ მოსახლეობას უწევს აგრარულ ბაზრებში უცხოური წარმოების პროდუქტების ყიდვა.
ამას გარდა, მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტს საკუთარი გეგმები და ხედვები არ აქვს დამყარებული კონკრეტულ გათვლებზე. იყო საუბარი რაღაც ციფრებზე, რომელთა კონკრეტული მიმართულება და მიზანი გაურკვეველია.
აქვე შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება არაფერს ამბობს ჩვენი მოსახლეობის იმ 70–80%–ზე, რომელსაც არ აქვს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.
მე დავესესხები პრეზიდენტს საკუთარ შეფასებაში, როდესაც მან საკუთარ სიტყვას დაარქვა თეორია მოდერნიზაციის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ თეორიაა და მას არ უწერია პრაქტიკაში განხორციელდება. მას დარჩა ერთადერთ შანსი, რომ წავიდეს პოლიტიკიდან.
პრეზიდენტმა, ალბათ, შეგნებულად გამოტოვა პრობლემები, რომლებიც აქვთ დევნილებს, ვინაიდან მისმა ხელისუფლებამ გამოასახლა ისინი. ასევე, ალბათ, შეგნებულად აარიდა თავი ვეტერანებზე საუბარს, რადგან მან თავისი საუბრით შეურაცხყო ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტი გაიღეს საკუთარი სამშობლოსთვის.
სოფო ხორგუანი, ქართული პარტია
გია ცაგარეიშვილი, საპარლამენტო ოპოზიცია
პრეზიდენტის დაპირები სალბუნად დაედება მათ, ვისაც შია და წყურია და ვისი უფლებებიც დღეს ირღვევა?
ჩემში არავითარ ემოციებს ეს დემაგოგია არ აღძრავს, ისევ ჩვენი ახალი დროის გმირები, ეფემერული წარმატებები და არაფერი საქმიანი, არც ერთი შემოთავაზება. ის რაც გაცხადდა, და ეს ერთადერთ რამ იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ესეც მოიტანს შედეგს მხოლოდ რამდენიმე წელიწადში, ახლანდელი ანტიკრიზისული მდგომარეობის გეგმა არ იყო წარმოდგენილი.
ამ შვიდი წლის მანძილზე პრეზიდენტი მუდმივად საუბრობს უმუშევრობის მანძილზე და შედეგი ის არის, რომ მილიონზე მეტი ადამიანი არის სიღარის ზღვარს მიღმა, მონოპოლიებმა წალეკეს ეს ქვეყენა და ეს ადამიანი, რომელსაც თავის უმრავლესობაში ოცი მონოპოლისტი უზის, ურცხვად გვეუბნება, რომ მონოპოლიებს ებრძვის, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა.
მე ვერ დავინახე კონკრეტიკა სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ გეგმაზე. ვინც ამ თესლს შეიძენს, მომავალ წელს ის ვერ გამოიყენებს ამ თესლს, ანუ ჩვენ ისევ მომხმარებლის როლში ვართ და არა მწარმოებლის.
ფაქტიურად პრეზიდენტი მეორდება ყველა თემაზე. საერთოდ, არავითარი გეგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ეროვნულ უმცირესობებთან მოლაპარაკების დაწყების, საერთოდ, სიტყვა არ თქმულა, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც მე დავინახე პრეზიდენტის ამ გამოსვლაში.
დათო ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტია
მნიშვნელოვანია ის, რომ რაც ქვეყნისთვის დღეს არის მნიშნელოვანი, იმაზე არაფერი უთქვამს. ცარიელი დაპირებები, რომლის მსგავსიც ბევრი გვაქვს მოსმენილი და როგორ სრულდება, ისიც ნანახი გვაქვს.
30– ლარიანი დახმარება თითო ოჯახისთვის არაფერს არ ცვლის, ბუნებრივია.
სოფლის მეურნეობაში კიდევ რა საწარმოების გახსნას აპირებს, რა ლოგისტიკურ ცენტრებს აკეთებს, გაუგებარია, გარკვევით ვერ ახსნა, ან არ ახსნა.
მილიონობით ტურისტი რომ აგვაშენებს და გზებს რომ აკეთებს, ამ თემებზე ადრეც ლაპარაკობდა.
ადრე 100 საავადმყოფოს გვპირდებოდა, ახლა 100 საავადმყოფო და კლინიკა გვექნებაო.
არაფერი უთქვამს დემოკრატიზაციაზე, ბიზნესმენს არ უნდა ეშინოდეს სახელმწიფოსიო, რომ იძახის, რას აკეთებს იმისთვის, რომ არ ეშინოდეს?
არაფერი თქვა საარჩევნო გარემოზე გარდა იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა.
არაფერი თქვა სასამართლოზე გარდა იმისა, რომ ნაფიცი მსაჯულები აგვაშენებენ, თურმე.
მასმედიის თავისუფლებაზეც საერთოდ არაფერი თქვა.
ეგვიპტის ამბებსაც არ შეეხო, რაც სიმპტომურია, ჩემი აზრით.
ეს ისეთი თემაა, რომელიც მთლი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. თან ადრე, სადაც რამე რევოლუცია ხდებოდა, პირველი გამოდიოდა და ჩვენგან იღებენ მაგალითსო, იძახდა. ახლა არც უხსენებია. ეჭვი მაქვს, უფრო მუბარაქთან ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას.
არაფერი თქვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ არა აქვს სათქმელი, არც გეგმა, არც სტარტეგია, სხვაგან ქრის მისი გონება…ახლა სააკაშვილი, ძირითადად, იმაზე ფიქრითაა დაკავებული, როგორ დარჩეს ხელისუფლებაში 2013 წლის მერეც…