ახალი ამბები

საავტომობილო გზებზე გადაადგილება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გართულებულია

25 იანვარი, 2016 • 1321
საავტომობილო გზებზე გადაადგილება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გართულებულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებლის, ნუგზარ გასვიანის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე გადაადგილება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გართულებულია.

გასვიანმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებზე ისაუბრა.

“დღეს განსაკუთრებით გაძლიერდა თოვა აჭარაში, გურიასა და კახეთში.  ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 100-მდე საყრდენი პუნქტი, სადაც მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები აღჭურვილი სპეციალური ტექნიკითა და ტექნიკური მარილის მარაგით.

გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს,” – აცხადებს ის.

სავატომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო გზებზე გადაადგილება ხორციელდება სპეციალური რეჟიმებით:

ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე;

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია:

რიკოთის უღელტეხილზე, ნაქერალას უღელტეხილზე და ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე;

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული:

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილსა და თბილისის შემოსავლელ გზაზე (მხოლოდ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის).

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოვუწოდებთ, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს,”– აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საქართველოს საავტომობილო გზებზე მასშტაბური პრობლემები წლის დასაწყისში ერთხელ უკვე შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი